საინვესტიციო ბანკ Galt&Tagart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის შეფასებით, ივნისის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, განსხვავებული მაკროეკონომიკური პროგნოზები მიუთითებს, რომ ქვეყნის მშპ ისე ვერ გაიზრდება, როგორც I კვარტალში. Galt&Tagart პროგნოზირებს, რომ მეორე კვარტალში ქვეყნის მშპ 6,8%-ით გაიზრდება, წლიური ზრდა კი მათი გათვლებით 7,5% იქნება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში დაფიქსირებულ მშპ-ს 7,5%-იანი ზრდის შემდეგ, ივნისში ეკონომიკის ზრდა 6,3%-მდე შენელდა. წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით კი საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 8,3%-ით გაიზარდა. შემცირებულია დღგ-ს გადამხდელ კომპანიათა ბრუნვის ზრდის მაჩვენებელიც, რაც ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორია. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.7%-ით მეტია, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა თვეებთან მიმართებით შემცირებულია.
„ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია, თუმცა ამის მოლოდინიც არსებობდა, რადგან თუ გადავხედავთ პროგნოზებს, წლის პირველ კვარტალში 9,8%-იანი იყო ზრდა, მეორე კვარტალში ივნისის მონაცემის გათვალისწინებით 7,1%, 6 თვეში გვაქვს 8,3%-იანი ზრდა და მაკროეკონომიკური პროგნოზები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით მიმდინარე წელს განსხვავებულია. მაგალითად, ჩვენ 7,5%-ს ველოდებით, სავალუტო ფონდი 7,2%-ს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადახედა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7,4%-მდე.
ფაქტობრივად, ეს პროგნოზები იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ვერ იქნება იმ დონის, რაც გვქონდა მაგალითად, პირველ კვარტალში. იმისათვის, რომ ჩვენს პროგნოზზე გავიდეთ, 7,5%-ზე წლის მეორე ნახევარში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ უნდა გაიზარდოს 6,8%-ით. 6,8% ეს ნიშნავს იმას, რომ ზრდა შენელებულია წლის პირველ ნახევართან ანუ 8,3%-თან შედარებით, ფაქტობრივად, აქეთკენ მივდივართ და ლოგიკურიც არის.
წელს ეკონომიკურ ზრდას მოხმარება განაპირობებს. ასევე, პოზიტიურია ინვესტიციების კონტრიბუციაც, გამომდინარე იქიდან, რომ გასული წლის პირველ კვარტალში მაღალი შემცირება იყო და საბაზო ეფექტი ახლავს, თუმცა საბაზო ეფექტის გამორიცხვითაც პოზიტიური კონტრიბუცია იქნებოდა ინვესტიციების ეკონომიკურ ზრდაში. წლიურ ჭრილში, ჩვენი პროგნოზი, რომ 7,5%-ით გაიზრდება ეკონომიკა, განპირობებული იქნება მოხმარებით, თუმცა ამავდროულად ჩვენს პროგნოზში გვაქვს, რომ ინვესტიციის კონტრიბუციაც იქნება პოზიტიური გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად, ბიზნეს დაკრედიტება საინვესტიციო აქტივობას წარმოადგენს. ასევე, მთავრობის ინფრასტრუქტურული პროექტები მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ზეა დაგეგმილი. პირველ ნახევარში შესრულება, ვფიქრობთ, ნორმალური იყო და იგივე ტემპი აქვს, რაც გასულ წლებში იყო, ამიტომ წლის მეორე ნახევარში უფრო დიდი ტემპით ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც აისახება ეკონომიკურ აქტივობაში“,-აცხადებს ლაშა ქავთარაძე.




























