საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტურ პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინა და მხარი ანი ვაზაგაშვილის კანდიდატურას დაუჭირა.
ბიუროს სხდომაზე კი გადაწყვიტეს, რომ წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრა განხილვის გარეშე მოხდება.
კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ ადგილზე სულ სამი კანდიდატი იბრძვის: ანი ვაზაგაშვილი, გიორგი ელისაშვილი, იოსებ აბულაძე და სოლომონ ექვთიმიშვილი.
ვაზაგაშვილის საქმიანი ბიოგრაფია ასეთია:
სამუშაო გამოცდილება
20.08.2015 – 01.08.2017 – იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ – იურისტი;
01.08.2017 – 01.11.2019 – იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ – სასამართლო დავების ჯგუფის ხელმძღვანელი;
19.11.2019 – 21.06.2024 – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების სამმართველო – მთავარი სპეციალისტი/იურისტი;
21.06.2024 – 01.02.2026 – შპს „ტელეიმედი“ – იურიდიული სამსახურის უფროსი;
01.02.2026 – დღემდე – შპს „ტელეიმედი“ – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
21.06.2024 – დღემდე – შპს „სტუდია მაესტრო“ – იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი.
განათლება
2013 – 2017 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – იურიდიული ფაკულტეტი – სამართლის ბაკალავრი;
2017 – 2020 – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, სამართლის სკოლა – საერთაშორისო კერძო და საჯარო სამართალი – სამართლის მაგისტრი.
წარდგენილი ბიოგრაფიების მიხედვით, სხვა კანდიდატებიც მედიაჰოლდინგებთან არიან დაკავშირებული:
- გიორგი ელისაშვილი: 2013 წლიდან ტელეკომპანია GDS-ის ფინანსური დირექტორია, მანამდე კი „ბანკ ქართუში“ საქმიანობდა.
- სოლომონ ექვთიმიშვილი: „მედია ჰოლდინგის“ (რომლის წილებსაც „პრაიმ თაიმი“ და „რუსთავი 2“ ფლობენ) ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
კომუნიკაციების კომისიაში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ვახტანგ აბაშიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. აბაშიძე წლების განმავლობაში როგორც კომისიის თავმჯდომარის, ისე წევრის პოზიციებს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ 29 იანვრიდან ComCom-ს ახალი თავმჯდომარე, გოგა გულორდავა ჰყავს, რომელიც კომისიაში დანიშვნამდე ასევე ტელეკომპანია „იმედში“ საქმიანობდა და სხვადასხვა დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატი და წალენჯიხის გამგებელი იყო.
პროცედურის თანახმად, საკონკურსო კომისია მთავრობას მინიმუმ სამ კანდიდატს წარუდგენს. მთავრობა შერჩეულ პირებს პრეზიდენტს გადაუგზავნის, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, კენჭისყრის საფუძველზე, პარლამენტი მიიღებს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია სულ ხუთი წევრისგან შედგება. თითოეული მათგანი 6 წლის ვადით ირჩევა. კანონის თანახმად, ერთი და იგივე პირი ამ პოზიციაზე მხოლოდ ორჯერ შეიძლება იქნეს არჩეული.




























