მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეკონომისტებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიური მოლოდინები აქვთ - PMCG

PMCG

პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 2024 წლის IV კვარტალში ქართველმა ეკონომისტებმა საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად ნეგატიურად შეაფასეს. მათი შეფასება გაუარესებულია როგორც წინა, ასევე 2023 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.

PMCG-ის მიერ მომზადებული "საქართველოს ეკონომიკური კლიმატის" მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის IV კვარტალში გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის თავზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ ასევე ნეგატიურია, რაც წინა გამოკითხვებს შორის ყველაზე პესიმისტური შეფასებაა.

გარდა ამისა, ეკონომისტების 2025 წლის პროგნოზი რეალური მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 3.6%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 4.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2024 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, როგორც PMCG წერს, ეკონომისტების მიხედვით, მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოსალოდნელია წლიური ინფლაციის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. 2025 წლისათვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 4.6%-ია, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

"მოსალოდნელია, რომ მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქართული ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან, ევროსთან და თურქულ ლირასთან მიმართებით, ხოლო გამყარდება რუსულ რუბლთან მიმართებით.

მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2024 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტისა და იმპორტის მოცულობების შემცირება.

გამოკითხვის ფარგლებში, 2024 წლის IV კვარტალში ეკონომისტებმა საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფაქტორად დაასახელეს პოლიტიკური არასტაბილურობა. ასევე, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორებს შორის აღმოჩნდა ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობა, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და მუშახელის დეფიციტი.

გამოკითხული ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით ფაქტორებს (პოლიტიკური არასტაბილურობა, ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობა) უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე პოზიტიურ ფაქტორებს (დაბალი ინფლაცია)", - წერია PMCG-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

ცნობისთვის, PMCG-ისგან კვარტალური კითხვარი 60 ეკონომისტს ეგზავნება. გამოხმაურების დონე, შესაძლოა, მერყეობდეს კვარტლების მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები