„ბიომი ჰოლდინგმა“ ბრენდის განახლებული სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა წარადგინა
2006 წლიდან დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სს „ბიომი ჰოლდინგი“ განვითარების ახალ ეტაპს განახლებული სტრატეგიითა და ვიზუალური იდენტობით აგრძელებს. ცვლილება კომპანიის დღევანდელ მასშტაბსა და მუშაობის მოდელს ასახავს - გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია და წყალმომარაგება ურთიერთდაკავშირებულ საინჟინრო სისტემებად განიხილება, პროექტის თითოეული ეტაპი კი საერთო შედეგს ემსახურება. ამ მიდგომას აჯამებს ბრენდის მთავარი სათქმელი - „ეკოსისტემა თქვენს სივრცეში“.
„ბიომი ჰოლდინგის“ ბრენდის განახლება მხოლოდ ვიზუალური ცვლილება არ არის. ის იმ საინჟინრო ექსპერტიზას, სისტემურ მიდგომასა და პასუხისმგებლობას ეფუძნება, რომლებმაც წლების განმავლობაში კომპანიის პროფესიული რეპუტაცია ჩამოაყალიბეს.
დღეს „ბიომი ჰოლდინგის“ საქმიანობა პროექტის სრულ საინჟინრო ციკლს მოიცავს - საჭიროებების შეფასებასა და კონსულტაციას, საინჟინრო პროექტირებას, შესაბამისი ტექნოლოგიების, დანადგარებისა და მასალების შერჩევასა და მიწოდებას, მონტაჟს, გაშვება-გამართვასა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. ამ მოდელს აძლიერებს ჰაერსატარების საკუთარი წარმოება და საინჟინრო, საპროექტო, სამონტაჟო და ტექნიკური სერვისის გუნდები, რომლებიც პროექტის ყველა ეტაპზე ერთიანი სამუშაო სტანდარტით მუშაობენ.
„პროექტის მასშტაბი ჩვენთვის სამუშაო სტანდარტს არ ცვლის. იქნება ეს კერძო სივრცე თუ ფართომასშტაბიანი კომერციული ან ინდუსტრიული ობიექტი, ერთნაირი პასუხისმგებლობით ვუდგებით საჭიროების სწორად შეფასებას, ტექნიკურად დასაბუთებული გადაწყვეტის შემუშავებასა და შესრულების ხარისხს. წლების განმავლობაში სწორედ ამ მიდგომამ ჩამოგვაყალიბა პარტნიორად, რომელიც სივრცეს მთლიანობაში ხედავს და გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი შედეგის გათვალისწინებით იღებს. ბრენდის განახლება ამ პრინციპებს უფრო მკაფიო ფორმას აძლევს, მის რეალურ შინაარსს კი ჩვენი ყოველდღიური მუშაობა განსაზღვრავს.“, - „ბიომი ჰოლდინგის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე სუქიაშვილი.
„ბიომი ჰოლდინგის“ საინჟინრო პორტფელი მოიცავს საცხოვრებელ, კომერციულ, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, სტუმარმასპინძლობისა და ინდუსტრიულ სექტორებში განხორციელებულ პროექტებს. მათ შორისაა Axis Palace 2, საქართველოს ბანკის Data Center, სასტუმრო „შატო მეფის ქალაქი“, ფიტნესკლუბი „წრე“, საქართველოში სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, სს „გეფას“ ცენტრალური საწყობი, Glovo-ს სწრაფი კვების ობიექტი და მრავალი სხვა წარმატებით დასრულებული პროექტი.
თითოეული პროექტისთვის ტექნოლოგია მისი ტექნიკური პირობებისა და საექსპლუატაციო მოთხოვნების მიხედვით შეირჩევა. ამ პრინციპით იყენებს კომპანია Samsung-ის, Mitsubishi Electric-ის, Vortice-ის, Beretta-ს, Riello-ს, Warmhaus-ის, Tiemme-სა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების ტექნოლოგიებს.

„ბიომი ჰოლდინგის“ ვიზუალური იდენტობა სააგენტო CC-მ შექმნა. მისი საფუძველია ლათინური b-სა და h-ის მონოგრამაზე აგებული ნიშანი, რომელსაც მკაფიო ტიპოგრაფია, ფერთა პალიტრა და გრაფიკული ენა ავსებს. მათი ერთობლიობა ბრენდის საინჟინრო ხასიათს - სიზუსტეს, სტრუქტურასა და სისტემურ აზროვნებას გადმოსცემს და სხვადასხვა საკომუნიკაციო გარემოში მის თანმიმდევრულ და ამოსაცნობ სახეს ქმნის.
„ჩვენთვის საწყისი იყო პრინციპი, რომელიც „ბიომი ჰოლდინგის“ საქმიანობას განსაზღვრავს: შედეგს ცალკეული ელემენტი კი არა, მათი ზუსტი ურთიერთქმედება ქმნის. ვიზუალური იდენტობაც ამავე ლოგიკით ავაგეთ. გვინდოდა, ბრენდის საინჟინრო ხასიათი დეკორატიული მინიშნებებით კი არა, სტრუქტურით, პროპორციითა და თანმიმდევრულობით გამოგვეხატა. ამიტომ ნიშანი, ტიპოგრაფია, ფერი და გრაფიკული ელემენტები ერთ მოქნილ სისტემად მუშაობს - ციფრული არხებიდან დოკუმენტაციასა და ფიზიკურ სივრცეებამდე“, - CC-ის არტ დირექტორი ლაშა შეყილაძე.
























