სახელმწიფო შესყიდვებში კომპანიებისთვის ახალი მექანიზმები ამოქმედდა, მათ შორის ელექტრონული კატალოგი, ჩარჩო შეთანხმება და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანების შესაძლებლობა. პარალელურად, სამშენებლო ტენდერებში შემსყიდველ ორგანიზაციებს ხარისხის მოთხოვნების წინასწარ გაწერა დაევალათ, ხოლო გამარჯვებულის გამოვლენა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ფასის მიხედვით ხდება. ცვლილებების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა ისაუბრა.
გურამ დუმბაძის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მიღებული მთავრობის №281 დადგენილებით, შემსყიდველებმა დეტალურად უნდა განსაზღვრონ ის ხარისხობრივი მოთხოვნები, რომლებიც კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს. ეს შეიძლება მოიცავდეს მოთხოვნებს საღებავზე, ლამინატზე, მოსაპირკეთებელ მასალებზე, ბეტონის მარკიანობასა და სხვა სამშენებლო კომპონენტებზე.
„ჯერ ამას ვამოწმებთ, თუ დააკმაყოფილებს, შემდგომ მნიშვნელოვანია მისი ფასი და ფასის მიხედვით შემდგომ ხდება გამარჯვებულის გამოვლენა“, - განაცხადა დუმბაძემ.
მისი თქმით, შესყიდვების რეფორმის ფარგლებში ამოქმედებული ელექტრონული კატალოგი წინადადების წარდგენის ელექტრონული ფორმაა და მისი გამოყენება, მათ შორის, პრეისკურანტით შესყიდვების დროს არის შესაძლებელი.
კიდევ ერთი ცვლილება ჩარჩო შეთანხმებას უკავშირდება, რომლის საშუალებითაც შესყიდვის განხორციელება 3-4 წლით ან უფრო ხანგრძლივი პერიოდითაა შესაძლებელი და ერთზე მეტი გამარჯვებულის გამოვლენაც შეიძლება.
მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, 1 სექტემბრიდან კომპანიებს ასევე შეუძლიათ სატენდერო გამოცდილების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკუთარი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილება გააერთიანონ. მაგალითად, 5 მლნ ლარის გამოცდილების მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიამ შეიძლება 2 მლნ ლარის საკუთარი და 3 მლნ ლარის ქვეკონტრაქტორის გამოცდილება წარმოადგინოს.
„კომპანიას, რომელსაც არ აქვს საკმარისი გამოცდილება, რომელსაც შემსყიდველი ითხოვს, შეუძლია, დაიხმაროს დამატებითი ძალა სხვა კომპანიის სახით, რომ დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა და ერთობლივად შეასრულონ კონტრაქტი“, - აღნიშნა მან.
























