მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ელჩების დაბარება უფრო საშიში ტენდენციის სიმპტომია - საქართველო რუსეთის პირისპირ რჩება" - ყოფილი ელჩი

ელგუჯა ხოკრიშვილი

"ეს არის დიპლომატიური პროტესტის აქტი, რომელიც საშუალო და მძიმე დარღვევების შემთხვევაში ხდება“, - ასე აფასებს გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, 24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის დაბარებას.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ყოფილმა ელჩმაც ხაზი იმ ფაქტს გაუსვა, რომ გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის და მეგობრობის ისტორიის პერიოდში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს. „ქართული ოცნება“ დიპლომატების დემონიზებას ცდილობს", - აცხადებს ყოფილი ელჩი.

- რას ნიშნავს დიპლომატიის ენაზე ელჩის საგარეო უწყებაში დაბარება - ირაკლი კობახიძემ ფაქტს „დიპლომატიური ზომა“ უწოდა, თავად პეტერ ფიშერმა - „დიპლომატიური სანქცია“. თქვენ რას დაარქმევდით?

- „ქართული ოცნება“ ამას იყენებს როგორც დაშინების ტაქტიკას დიპლომატების წინააღმდეგ. [საგარეო უწყებაში] ძირითადად, დაიბარეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები, ვინც ოცნებას“ ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ. დიპლომატების დაბარება ასევე ემსახურება რაღაც შიდაპოლიტიკურ ნარატივს, რომ თითქოს სუვერენიტეტის დამცველის როლში გამოდიან, არადა პირიქით არის, ხომ?! ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების დაბარება, არის სიმპტომი უფრო ფართო და მე ვიტყოდი, საშიში ტენდენციის, რომ ქვეყანა სრულ იზოლაციაში და რუსეთის გავლენის პირისპირ რჩება, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, რეგიონში ოკუპანტი ქვეყნის სამეზობლოში... თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე ამ [ქართული ოცნების] რეჟიმს რაღაც ავტორიტარული, კლეპტოკრატიული მმართველობის სტილის კვალიფიკაციას აძლევს და რუსული ჰიბრიდული ომის გამკლავებაზე აღარ არის საუბარი. ეს არის დიპლომატიური კრიზისი და ეს ეხება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, ამიტომ მსგავსი ტენდენციები, ფაქტობრივად, კატასტროფაა.

- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო უწყებაში ელჩების დაბარების თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს უთხრა, რომ „დიპლომატს აუხსნეს რას ნიშნავს ვენის კონვენცია“. მან სავარაუდოდ, მიანიშნა კონვენციის 41-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დიპლომატების ვალდებულებაა, არ ერეოდნენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში... სინამდვილეში რას უთვლის „ოცნება“ ევროპელ ელჩებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად და რამდენად საფუძვლიანია მათი ბრალდება?

- ეს არის მაგალითი რუსული წიგნიდან“... ვენის კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს დიპლომატის მხრიდან ქვეყნის კანონმდებლობის პატივისცემას და ელჩებმა თავი უნდა შეიკავონ შიდა პოლიტიკაში ჩარევისგან, მაგრამ ეს კონვენცია არ კრძალავს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე კრიტიკის გამოხატვას, პირიქით. ეს არის ამ ქვეყნების ელჩების უშუალო მოვალეობა, რადგანაც ისინი წარმოადგენენ იმ ქვეყნის მთავრობებს. კონკრეტული მაგალითით რომ ვისაუბროთ, გერმანიის ელჩს აკრიტიკებენ იმიტომ, რატომ ესწრება საჯარო სასამართლო პროცესებს, როცა ეს მათი მათი ჩვეულებრივი მოვალეობაა, რათა ობიექტურად შეაფასონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. დემოკრატიული სტანდარტის დაცვა არ არის შიდა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. მით უმეტეს, როცა ლაპარაკია ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაზე, რომელსაც ეს გაცხადებული აქვს და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, თვითონ ქართული დიპლომატიის მიერ, ჩემი ჩართულობით, ბევრი ენერგია ჩაიდო, რათა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა გვქონოდა. მათ შორის, იმისთვის, რომ EU-ის ისეთ მნიშვნელოვან წევრს, როგორიც გერმანიაა, ჩვენი ეროვნული ინტერესების ერთგვარი ლობირება განეხორციელებინა. ხუთი წლის წინ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც დღეს არსებობს, საქართველოს არ ჰქონდა.

"წერტილთან" ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ყოფილმა უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების რისკებზეც ისაუბრა, რაც რეალურია. გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი პარტია ანტიდემოკრატიულ კანონებს არ აუქმებს და ქვეყანაში ადამიანების უფლებები ირღვევა, ელგუჯა ხოკრიშვილს არ აქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები