"შუა დერეფნის გეოპოლიტიკური წონა მართლაც გაიზარდა. მაგრამ საქართველოსთვის ეს სტრატეგიული შესაძლებლობაა და არა გარანტირებული მოცემულობა",- ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ეკონომისტი ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირში გაწევრიანება ერთადერთი ჩარჩოა, რომელშიც საქართველოს ერთდროულად შეუძლია მიიღოს ინვესტიციების ნდობა, ინსტიტუციური საყრდენი და გრძელვადიანი უსაფრთხოება, ბიძინა ივანიშვილს კი ქვეყანა ამ ჩარჩოდან გაჰყავს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში მათ შორის მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა: "დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე",- განაცხადა მან.
როგორც ელგუჯა ხოკრიშვილი საგარეო პოლიტიკის შეფასებისას აღნიშნავს, ქვეყნისთვის „მულტივექტორულობა" საყრდენის გარეშე დარჩენაა.
ის ამ კონტექსტში ახსენებს ევროკავშირის დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმასაც, რომლის პრეზენტაციასაც ბრიუსელში საქართველო არ დასწრებია.
ყოფილი ელჩის შეფასებით, მმართველი პარტიის პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილს ემსახურება, მისი პირადი რისკების დაზღვევა კი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკად იქცა.
"შუა დერეფნის გეოპოლიტიკური წონა მართლაც გაიზარდა. მაგრამ საქართველოსთვის ეს სტრატეგიული შესაძლებლობაა და არა გარანტირებული მოცემულობა.
სწორედ ამ შესაძლებლობით ვაჭრობს „ოცნება" საკუთარი ავტორიტარულ-ოლიგარქიული მმართველობის შესანარჩუნებლად.
ცენტრალური აზიის როლი.
ევროკავშირსა და გერმანიასა და ცენტრალური აზიის ხუთ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გამყარდა (2023, C5 + გერმანია" ფორმატი, 2025, EU-ცენტრალური აზიის სამიტი). 2024 წლის საინვესტიციო ფორუმზე გაცხადდა 10 მილიარდი ევროს მოზიდვის გეგმა, რასაც დაემატა კიდევ 12 მილიარდი „გლობალური კარიბჭის" ფარგლებში.
ამ ხუთი ქვეყნიდან არცერთი EU-ში გაწევრიანებას არ ესწრაფვის. მათ არც ასოცირების ხელშეკრულება აქვთ; მათი პარტნიორობა მხოლოდ გაფართოებულ სავაჭრო-თანამშრომლობით შეთანხმებას ეფუძნება.
მიზეზი მარტივია. ყაზახეთს აქვს ლითიუმი, ურანი, ნავთობი და 19-მილიონიანი ბაზარი. უზბეკეთი მნიშვნელოვანი რესურსების მქონე მოთამაშეა (სპილენძი, ოქრო, ურანი). აზერბაიჯანიც იმავე ლიგაშია (გაზი და ნავთობი).
ევროკავშირი მათგან დემოკრატიის სტანდარტს არ ითხოვს, რადგან გაწევრიანებას არ ჰპირდება. ეს სუფთა ტრანსაქციული (ინტერესთა გაცვლაზე დაფუძნებული) ურთიერთობაა.
ამ ქვეყნებს მრავალმხრივი დონორებიც (ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი, EBRD) სახელმწიფო გარანტიების ქვეშ აფინანსებენ, რასაც ადგილობრივი ნავთობი და მინერალური სიმდიდრე უზრუნველყოფს.
გეოგრაფია გარანტია არ არის.
23 ივნისს ევროკომისიამ გაუშვა ე.წ. Connectivity Agenda Platform, ახალი სტრატეგიული ჩარჩო შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის დაკავშირებადობისთვის (2 მილიარდი ევრო დაფინანსებით). პლატფორმა ფიზიკურად ჩვენი ტერიტორიის კორიდორს ეხება. საქართველო ამ მაგიდასთან წარმოდგენილი არ იყო.
ჩვენ გვაქვს მხოლოდ გეოგრაფია. არც ამ მასშტაბის ბუნებრივი რესურსი, არც ბაზარი.
გეოგრაფია კი სწრაფად კარგავს ფასს, როცა ალტერნატიული მარშრუტები შენდება, როცა ანაკლია კვლავ გაჩერებულია, როცა ჩრდილოეთ რუსული და სამხრეთ ირანული გზები ხელახლა ეწყობა.
სწორედ აქ ინგრევა „მულტივექტორულობის" მითი. ის მუშაობს თურქეთისთვის (NATO-ს წევრობა, სრუტეები, 85 მილიონი ადამიანი), მუშაობს ტოკაევისთვის (ურანი, ნავთობი, ბაზარი) და ა.შ.
მაგრამ 3,7-მილიონიანი ქვეყნისთვის, რესურსების გარეშე, ორი ოკუპირებული რეგიონითა და რუსეთის უშუალო სამეზობლოში, „მულტივექტორულობა" მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავ, საყრდენის გარეშე დარჩენას.
საყრდენის გარეშე კი მცირე სახელმწიფოები ბუფერულ ზონებად და ვასალებად რჩებიან.
ვის ემსახურება ოცნების პოლიტიკა?
ეს პოლიტიკა ემსახურება ბიძინა ივანიშვილს, რომლის კაპიტალი ბრიუსელის სამართლებრივი სივრცის მიღმა, მოსკოვსა და პეკინთან ახლოს განლაგდება. მისი პირადი ჰეჯირება (ფინანსური რისკების დაზღვევა), დაქირავებული პერსონალის ხელით, სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკად იქცა.
ფასს კი ქვეყანა და მისი მოქალაქეები იხდიან.
ამიტომ მთელი ეს შოუ ტოკაევთან (და სხვებთან) საგარეო პოლიტიკა კი არა, საშინაო პოლიტიკაა. მან ქართველ საზოგადოებას უნდა დაუნერგოს, რომ ევროკავშირის ალტერნატიული „გეგმა B" არსებობს.
ის არ არსებობს.
ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის აუზის სახელმწიფოები ჩვენს „მოდერნიზაციას/განვითარებას" არ დააფინანსებენ. ისინი ჩვენს დერეფანს მანამ გამოიყენებენ, სანამ ის იაფი და ხელმისაწვდომია; როგორც კი უკეთესი ალტერნატივა გაჩნდება, მას აირჩევენ.
ევროკავშირში გაწევრიანება ერთადერთი ჩარჩოა, რომელშიც პატარა, რესურსების გარეშე, გეოპოლიტიკურად დაუცველ ქვეყანას ერთდროულად შეუძლია მიიღოს ინვესტიციების ნდობა, ინსტიტუციური საყრდენი და გრძელვადიანი უსაფრთხოება.
სწორედ ამ ჩარჩოდან გაჰყავს ივანიშვილს ქვეყანა „ოცნების" ხელით",- წერს ელგუჯა ხოკრიშვილი.




























