მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შუა დერეფნის და EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობების ფანჯარა დროებითია - ელგუჯა ხოკრიშვილი

ელგუჯა ხოკრიშვილი

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ეკონომისტი ელგუჯა ხოკრიშვილი ამბობს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც უკავშირდება შუა დერეფნის პოტენციალის გამოყენებას, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებას, დროებითია და შეიძლება, ქვეყანამ "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად დაკარგოს. მან საკითხზე "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, შუა დერეფნის პოტენციალს სათანადო გამოყენება სჭირდება პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მხრიდან. ის ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ არ ხდება შესაბამის ინფრასტრუქტურაში ინვესტირება, რის მაგალითადაც ანაკლიის პორტის პროექტს ასახელებს.

"შუა დერეფნის და ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა რომ მნიშვნელოვანია და გეოპოლიტიკური წონა შეიძინა, ამაზე უფრო მეტი გეოპოლიტიკური მოვლენა იყო, როდესაც ქვეყანას მიეცა საშუალება ევროკავშირში გაწევრიანებულიყო, აქედან გამომდინარე, რომ შევხედოთ „ოცნების“ პოლიტიკას, ჩვენ ხომ დღეს ამ შანსს ხელიდან ვუშვებთ, რასაც ჰქვია ევროკავშირში გაწევრიანება, რაც ქვეყნის ისტორიული არჩევანია, კონსტიტუციით განსაზღვრულია და ქვეყნის ყველაზე საუკეთესო წარმომადგენლების რამდენიმე თაობა შეეწირა, რომ ამის რეალიზება მომხდარიყო. შუა დერეფანიც და მისი მნიშვნელობაც არის დროებითი. თუ ამ შესაძლებლობების გამოყენება ხდება მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესების მომსახურებისთვის, ეს ქვეყნისთვის დანაკარგია.

დავუშვათ, მნიშვნელოვანია „ოცნებისთვის“ შუა დერეფანი, ავიღოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც არის ანაკლიის პროექტი, 6 თუ 7 წელი გავიდა, დღემდე გაურკვეველია მისი ბედი. ყველაზე მთავარი კომპონენტი, რომელიც არის რკინიგზა, სულ ახლახან ვნახეთ, რამხელა კორუფციულ გარიგებებში იყო და ეს ინფორმაცია ხომ ბოლომდე არ არის გამჭვირვალე. სწორედ ამ რეპრესიული კანონების მიზანი ხომ ის არის, რომ ჩვენ არ გვქონდეს ის ინფორმაცია, რომ შემდეგ ანგარიშვალდებულება დადგეს ხელისუფლების",- ამბობს ელგუჯა ხოკრიშვილი.

მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმაზე, რომლის პრეზენტაციასაც ბრიუსელში საქართველო ელჩის დონეზე იყო მიწვეული და არ დასწრებია. ელგუჯა ხოკრიშვილის შეფასებით, ამის გადაფარვა იყო ყაზახეთთან დადებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების აფიშირება.

EU-ს €2 მილიარდიანი დაკავშირებადობის პლატფორმა - რას გულისხმობს და სად არის საქართველო?

"ფაქტობრივად საუბარია ["ოცნების" მხრიდან] შანტაჟის პოლიტიკაზე. ქვეყანა, რომელიც ასეთ მოწყვლად გეოპოლიტიკურ გარემოშია, რამდენად აქვს ის ფუფუნება, რომ შანტაჟის პოლიტიკა აწარმოოს?!

რა თქმა უნდა, ეს სტრატეგიული კავშირები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის რომ ყაზახეთთან სტრატეგიულ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, დიდი არაფერი არ არის. ეს ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს მთავრობის. ყაზახეთს ევროკავშირთანაც აქვს და გერმანიასთანაც აქვს სტრატეგიული ურთიერთობა და ის, რომ ყაზახეთიდან ტვირთი რომ წამოვა, ჰარმონიზაცია მოხდეს საბაჟო პროცედურების და ასე შემდეგ, რომ თვითღირებულება ტვირთის შემცირდეს და ამ კორიდორს მიმზიდველობა ჰქონდეს, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.

ფაქტობრივად აი ამის გადაფარვა იყო ყაზახეთთან დადებული ხელშეკრულების გაპიარება. „ოცნების“ წარმომადგენელმა შეაფასა აი ეს მნიშვნელოვანი დაკავშირებადობის პლატფორმა პერეფრაზირება რომ გავაკეთო - ბრიუსელი ხანდახან ჩვენ რომ არ მიგვიპატიჟოს, მაგიტომ აორგანიზებს ასეთ შეხვედრებსო... რამხელა აბსურდსა და უპასუხისმგებლობაზეა საუბარი",- აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები