ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, 2026 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში FDI-ს მოცულობა ქრონიკულად და საგანგაშოდ დაბალია. ქვეყნის რეალურ საინვესტიციო კლიმატსა და FDI-ში არსებულ ტენდენციებზე ფინანსისტმა BMGTV-ის ტელეპროექტ #წერტილში ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ საქსტატის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 271 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 48%-იანი ზრდაა. FDI-ის მატებაზე გავლენა მოახდინა შარშანდელმა დაბალმა საბაზისო ეფექტმა (2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ 184 მილიონი დოლარი შემოვიდა). ამასთან, FDI-ის ნახევარზე მეტი რეინვესტირებაზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშეების შემოსვლის ნაცვლად, უკვე არსებული კომპანიები დებენ ინვესტიციებს. საქსტატის თანახმადვე, ინვესტიციების ზრდაში ასევე დიდია სავალო ვალდებულებებისა და კაპიტალის წილი.
"მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში ქრონიკულად დაბალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გვაქვს. ჩვენ შეიძლება ძალიან დეტალურად ვაანალიზოთ, გვაქვს თუ არა კვარტალური ზრდა, მაგრამ მიმდინარე 271 მილიონი დოლარი რომ გავაწლიუროთ, ამ დინამიკით წელს საუკეთესო შემთხვევაში 1.5 მილიარდ დოლარს ვუმიზნებთ. $40-მილიარდიან (ან შესაძლოა უფრო დიდ) ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთი მოცულობა ძალიან დაბალია. ჩვენნაირ განვითარებად ეკონომიკას ბევრად მაღალი FDI სჭირდება, დღეს კი ეს მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მხოლოდ 2-2.5%-ს შეადგენს. ქვეყნებს, რომელთაც კარგი შედეგი აქვთ, ინვესტიციები მშპ-სთან 5% ან მეტი უნდა ჰქონდეთ; ზოგ ქვეყანას 10%-იანი მაჩვენებელიც კი ჰქონია. სხვებს თავი რომ დავანებოთ, 2007 წელს საქართველოს 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჰქონდა - მაშინ, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა სულ რაღაც 10-15 მილიარდი დოლარი იყო.
რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიკამათოთ ინვესტიციების სახეებზე - სავალო ვალდებულებებზე, სააქციო კაპიტალსა თუ სექტორულ დინამიკაზე, მაგრამ ფაქტი ერთია: ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, 2000-იანების შუა პერიოდიდან თუ შევხედავთ, ჩვენი ეკონომიკა დოლარში ლამის გაორმაგდა, პირდაპირ ინვესტიციებში კი წლიდან წლამდე ისევ 1-დან 1.5 მილიარდ დოლარამდე ვცოდვილობთ. ობიექტურად თუ შევხედავთ, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია”, - აცხადებს ფინანსისტი.
რატომ არ შემოდიან ახალი მსხვილი ინვესტორები? - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და ეროვნული ვალუტაც მყარია, გიგა ბედინეიშვილის განმარტებით, ეს ფაქტორები ინვესტორებისთვის საკმარისი არ არის. მისი თქმით, უმთავრეს მუხრუჭს ქვეყნის პოლიტიკური სისტემა და არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს.
"მთავარი ფაქტორი არის ის, თუ როგორი პოლიტიკური სიტუაციაა ქვეყანაში და როგორი მმართველობა გვაქვს... ყველანაირად იგრიხება პიარის თვალსაზრისით კომუნიკაცია, რომ თქვან, თითქოს ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან არ მართავს ქვეყანას - მართავს ამ ქვეყანას ივანიშვილი კულისებიდან! სასამართლო არის დამორჩილებული არა მარტო მთავრობას, რაც თავისთავად პრობლემა იქნებოდა, არამედ ერთ ოჯახს. ეს არის უდიდესი შემაფერხებელი და მუხრუჭი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების,“ - აცხადებს ბედინეიშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შეიძლება ქვეყანა პოლიტიკური კურსის ცვლილების ფონზე მიმზიდველი გახდეს ჩინური, რუსული ან აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების კაპიტალისთვის, ფინანსისტი პასუხობს, რომ კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება აბსოლუტურად ყველა ტიპის ინვესტორისთვის ფუნდამენტური მოთხოვნაა.
“ჩინელებს და რუსებსაც კი, თუ სისტემურად ვლაპარაკობთ ინვესტიციებზე, მათაც უნდათ ფული ჩადონ იმ ქვეყნებში, სადაც ნორმალური გარემოა სასამართლოს თვალსაზრისით და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ამიტომ არის, რომ იგივე ჩინელები ცდილობენ ფული ჩადონ ევროპაში, ამერიკაში... და იგივე ჩინელები ფულს როცა აკეთებენ, გარბიან ჩინეთიდან, გააქვთ ქვეყნიდან ფული. რატომ? იმიტომ, რომ იქაც არის სისტემა, რომელსაც კანონის უზენაესობას ვერ დაარქმევ, და ჩინელ ბიზნესმენებსაც უნდათ ფულის უსაფრთხოდ განთავსება”, - ამბობს ის.
გიგა ბედინეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ „წითელი ხალიჩების დაგებით“ ცალკეული, ინდივიდუალური ინვესტორების „შემოტყუება“ შეძლოს არაბეთის ქვეყნებიდან თუ ჩინეთიდან, თუმცა სისტემურ დონეზე ეს ამინდს ვერ შეცვლის.
„ჩვენ ყველას უნდა გვირჩევნოდეს ძალიან ბევრ პატარა პროექტებში გამოხატული დიდი ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ვიდრე რაღაცა ინდივიდუალურმა, ერთმა მსხვილმა პროექტმა შეცვალოს სურათი. პირველ რიგში, დივერსიფიკაციის გამო - ყოველთვის შეიძლება არ იყოს მოსახერხებელი ერთი მსხვილი პროექტის შემოყვანა, ამიტომ გვირჩევნია, რაც შეიძლება ბევრი მცირე ინვესტორი იყოს ქვეყანაში,“ - აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.




























