საქართველოში პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 48%-ით, 271.2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. FDI -ს ზრდა განსაკუთრებით თვალშისაცემია წინა წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, რადგან 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 183,6 მილიონ დოლარამდე იყო შემცირებული. საქსტატი აღნიშნავს, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ყველაზე დიდი წილი კვლავინდებურად კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია.
სტატისტიკაში ახალი ინვესტიციები ფაქტობრივად არ ჩანს. შესაბამისად, წლების განმავლობაში ქვეყნების და სექტორების რეიტინგიც არ იცვლება.
ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ინვესტიციები ქვეყანაში არა ახალი ინვესტორების შემოსვლით, არამედ საფინანსო სექტორში მოგების რეინვესტირების შედეგად გაიზარდა. მისი თქმით, ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშეები არ ჩანან. ინვესტიციებს კი ისევ ძველი, ნაცნობი კომპანიები აკეთებენ.
“ჩვენ ვიცით კვარტლები უკანასკნელ ხუთ წელიწადში, როცა 500-600 მილიონიანი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ კვარტალში. აქედან გამომდინარე, მე ვერ შევაფასებდი ამას როგორც პოზიტიურ მოვლენას. ფინანსური ინსტიტუტების დივიდენდების და რეინვესტირების შესახებ გადაწყვეტილებამ მოგვცა ეს შედეგი.
ასევე მეორე ფაქტორი, რაც უნდა გამოვარჩიო - ისევ გვყავს ცნობილი “ეჭვმიტანილები” და შესაძლებელი ხდება კონკრეტული ქვეყანა დავუკავშიროთ კონკრეტულ ინვესტიციას. გამოჩნდა რუსეთი, რადგანაც „თელასი“ არის ერთ-ერთი ინვესტორი ენერგეტიკაში; გამოჩნდა პირობითად ამერიკის შეერთებული შტატები, რადგანაც „მაგთი“ არის ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირებული კომპანია და ა.შ. ისევ იგივე კომპანიები, იგივე ქვეყნები, იგივე კონფიგურაცია, როცა რეინვესტირება მნიშვნელოვნად აჭარბებს ახალ ინვესტიციებს და არც ერთი ახალი მსხვილი მოთამაშე, რომელიც საინტერესო იქნება გრძელვადიანად.
[რატომაც არ ჩანან ახალი ინვესტორები] პირველ რიგში მმართველობის და კანონის უზენაესობის საკითხს და პოლიტიკური სტაბილურობის საკითხს გამოვარჩევდი. უკვე აღინიშნა, მათ შორის რამდენიმე სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშშიც, რომ საქართველოში გაუარესდა მმართველობის სისტემა, აშკარად არის ხარვეზები სასამართლო სისტემაში, პოლიტიკური ცხოვრება არის არასტაბილური, არამდგრადი, არათანმიმდევრული. ქვეყანა ფაქტობრივად გამოირიცხა, რომ მალე იყოს ევროკავშირის წევრი. თვითონ ევროკავშირის ხელმძღვანელები აღიარებენ, რომ კანდიდატის სტატუსი არის ბარათი ქაღალდზე.
შესაბამისად, ყველა ხვდება იმას, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის დროებითი და ხშირ შემთხვევაში ვირტუალური და როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, უკრაინის გამარჯვებით, ავტომატურად საქართველოში შეიძლება კრიზისი დაიწყოს ეკონომიკური. შესაბამისად, ყველა ახალი ინვესტორისთვის ეს ქვეყანა არის უფრო რისკიანი, ვიდრე შესაძლებლობების მატარებელი. ამიტომაც რეალური ახალი ინვესტიცია საქართველოში უკვე წლებია არ შემოდის და არც ჩანს ამის პერსპექტივა”, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი BMG-სთან.




























