ჩინეთი მზად არის საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის კონცეფციაზე დაყრდნობით, საქართველოსთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გასაგრძელებლად, ჩვენს ორ ქვეყანაში ეპიდემიის კონტროლისა და საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმეში მეტი ძალისხმევის გასაღებად, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის საქართველოში, ლი იენის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, რომლითაც ის ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„26 მაისი სულ მალე დადგება. ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგმა, სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრ ლი ქეციანგმა და სახელმწიფო საბჭოს წევრმა და საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ იმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
საქართველოში ჩინეთის საელჩოსა და პირადად ჩემი სახელით, მეგობარ ქართველ ხალხს მთელი გულით ვულოცავ ამ დღესასწაულს. ახალი კორონავირუსული პნევმონიით გამოწვეული გლობალური ეპიდემიის საპასუხოდ, ჩინელი და ქართველი ხალხი ამ სირთულეების ჟამს ერთმანეთს ეხმარება და ეპიდემიასთან ბრძოლაში ეტაპობრივად წინ მივიწევთ, რაც ორ ქვეყანას შორის მეგობრობას კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს და აძლიერებს.
26 მაისს 3 თვე სრულდება, რაც საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. 3 თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი მუდმივ პრიორიტეტად დაისახა, რისთვისაც მთელი რიგი გადამჭრელი ზომები გატარდა; პრევენციის, კონტროლის, იზოლაციისა და მკურნალობისათვის კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა; ეპიდემიასთან საბრძოლველად საჭირო რესურსები გამოინახა და წარმოება აქტიურად დაიწყო; საქართველომ ჩინეთისა და იმ ქვეყნების გამოცდილება გაიზიარა, სადაც ეპიდემიის გავრცელება შეაჩერეს. ქართველმა ხალხმა უდიდესი სირთულეები გადალახა, მთავრობასთან ითანამშრომლა და დაწესებული შეზღუდვების მიმართ კონსტრუქციულობა
გამოიჩინა, იზოლაცია შეგნებულად შეინარჩუნა და გარეთ გასვლა ყოველნაირად შეამცირა.
მოხარული ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების ჯაჭვი გაწყდა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვით საქართველო რეგიონში ბოლო ადგილზეა, განკურნების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია, სიკვდილიანობის კი - ძალიან დაბალი, რაც ნამდვილად სამაგალითოა. ცოტა ხნის წინ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა. ხალხი თანდათან ნორმალური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება. მთავრობის ეკონომიკის აღდგენის ექვსპუნქტიანი გეგმა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გამოცოცხლებას უზრუნველყოფს. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეპიდსიტუაციას და ქართველი მეგობრების მხარდამხარ ვიბრძვით. გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მთავრობის, სამედიცინო პერსონალის და ხალხის ძალისხმევითა და თავდადებით. მთელი გულით ვულოცავ ქართველ ხალხს ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეულ შუალედურ გამარჯვებას.
თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში, ქვეყნების ბედ-იღბალი მჭიდროდ არის ურთიერთდაკავშირებული. მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 5 მილიონს ასცდა და ეს რიცხვი უწყვეტად იზრდება. ეს პანდემია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველაზე სერიოზულ კრიზისად იქცა. გასულ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე სესია ჩატარდა, რომლის გახსნის ცერემონიაზე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი სიტყვით გამოვიდა. მან კაცობრიობას საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა და ექვსი რეკომენდაცია გააჟღერა, მათ შორის, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ეფექტურად განხორციელება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაკისრებული როლის შესრულება, აფრიკის ქვეყნებისადმი დახმარების გაზრდა, გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის მმართველობის გაძლიერება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აღდგენა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება. ამასთანავე, ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით ჩინეთის ხუთი ღონისძიების შესახებ განაცხადა, რომელთა შორისაცაა ორი წლის მანძილზე 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ეპიდემიით დაზარალებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში ეპიდემიასთან ბრძოლასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აღდგენას მოხმარდება.
პრეზიდენტ სის მიერ გაჟღერებული რეკომენდაციები კიდევ ერთხელ მხარს უჭერს კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების კონცეფციას და ჩინეთის, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღებას უსვამს ხაზს. ეს რჩევები ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების ძალების გაერთიანებას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნების მიერ ეპიდემიის მალე დამარცხებისთვის კარგი საფუძველი იქნება.
სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანთა საზოგადოებას შესაძლოა ვირუსთან თანაცხოვრება მოუწიოს. ეპიდემიასთან ხანგრძლივ ომში, ცალკეული ქვეყნები მარტო ვერ იბრძოლებენ, მით უმეტეს მაყურებლის პოზიციას ვერ დაიკავებენ. ჯანდაცვის მმართველობის გლობალური სისტემის და საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის შექმნა ვირუსის საბოლოოდ
დამარცხების ერთადერთი გზაა.
ეპიდემიის შესაჩერებლად საქართველოში მიღწეული პროგრესის შემდეგ, ამ შედეგების გამყარება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის ამოცანა დგება, რაც იოლი სულაც არ არის. ჩინეთი მზად არის საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის კონცეფციაზე დაყრდნობით, საქართველოსთან ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გასაგრძელებლად, ჩვენს ორ ქვეყანაში ეპიდემიის კონტროლისა და საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმეში მეტი ძალისხმევის გასაღებად. ამასთან, ჩინეთი ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის ათვისებას გააგრძელებს, რათა ეპიდემიასთან ბროლაში გამობრძმედილმა მეგობრობამ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ძლიერი ბიძგი მისცეს“, - ნათქვამია ჩინეთის ელჩის მიმართვაში.