მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი: "ქართული ღვინის პოპულარობა ჩინეთში სულ უფრო იზრდება"

60b5056754d94
თამთა ჯიჯავაძე
01.06.21 00:10
1086
ქართული ღვინის პოპულარობა ჩინეთში სულ უფრო იზრდება, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იენმა Forbes Georgia-სა და bm.ge-სთან ინტერვიუში ჩინურ ბაზარზე ქართული პროდუქტის პოტენციალზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეისათვის ჩინეთის ბაზარზე ისევ ფრანგული, ავსტრალიური, ესპანური და სხვა ქვეყნების ღვინოები დომინირებს, მაგრამ ქართულ ღვინოს ჩინური ბაზრის უკეთ ათვისების დიდი პოტენციალი აქვს.

„2019 წელს საქართველოდან ჩინეთში 7.09 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. საქართველოს მევენახეობისა და ღვინის დაყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს და იგი ნამდვილად „ღვინის სამშობლოა“. ქართული ღვინის ნაირსახეობას, ხარისხსა და ფასს შორის კარგ თანაფარდობას ჩინეთის სხვადასხვა სამომხმარებლო ჯგუფის მრავალფეროვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, გარდა ღვინისა, ჩინელი მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა ისეთი მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებმა, როგორიცაა ყველი, მინერალური წყალი, თაფლი, ფრინველის ხორცი და სხვა.

„მჯერა, რომ თუ უკეთ გამოვიყენებთ ჩინეთის საინვესტიციო და სავაჭრო პლატფორმებს, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა და ჩინეთის საექსპორტო საქონლის გამოფენა-გაყიდვა, ხელს შევუწყობთ ძლიერი და გამორჩეული კომპანიების მონაწილეობას ამ გამოფენებში, ეს ქართული პროდუქციის პოპულარობას გაზრდის – უფრო მეტი ჩინელი შემსყიდველი და მომხმარებელი შეაჩერებს ქართულ ნაწარმზე არჩევანს“, - დასძინა ჩინეთის ელჩმა საქართველოში.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო წლებში, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზეგავლენით, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი იზრდება: „ექსპორტის მოცულობამ 2018 წელს – 198 მილიონი აშშ დოლარი, 2019 წელს – 227 მილიონი აშშ დოლარი, 2020 წელს კი – 476 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა გახდა და საქართველოს მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილმა 14.3% შეადგინა“, - განაცხადა ელჩმა ლი იენმა.

ცნობისთვის, ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2018 წლის 1 იანვარს ოფიციალურად ამოქმედდა. ელჩის თქმით, ეს პირველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, რომელიც ჩინეთმა ევრაზიის რეგიონის ქვეყანასთან გააფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები