პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში იმ სექტორებზე საუბრობს, რომლითაც პოლონელი ინვესტორები არიან დაინტერესებულები. ამ კუთხით დიპლომატი ენერგოსექტორს გამოყოფს.
„გასულ წელს არაერთ საწარმოსთან მქონდა შეხვედრები. ისინი დაინტერესებულები არიან ენერგოსექტორით, განსაკუთრებით - მზის პანელების წარმოების მიმართულებით. ასევე დაინტერესებულები არიან ელექტროსადგურების მშენებლობით და ა.შ. ვფიქრობ, შეგვიძლია საინტერესო კონტაქტების დამყარება, განსაკუთრებით ინჟინრებსა და სპეციალისტებთან საქართველოში,“, - აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, საუბარია მზის პანელების მიმართულებაზე საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, - „არ მინდა ამ ინფორმაციის გამჟღავნება, ვინაიდან შესაძლოა, ეს მათთვის ჯერჯერობით საიდუმლოა, თუმცა ისინი სერიოზულად არიან დაინტერესებულები ამ სექტორების განვითარებით“.
პოლონელმა დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების კუთხით, კარგი ფაქტია ისიც, რომ საქართველოში პოლონური პროდუქტები, მათ შორის კოსმეტიკური ნაწარმი, ასევე სურსათი - რძის პროდუქტები, მაგალითად ყველი, დახლებზე ხშირად ხვდება.