მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზრდილი ტურიზმი და ვაჭრობა, შემცირებული FDI და ფულადი გზავნილები | როგორია საქართველო-რუსეთის ეკონომიკური კავშირი?

რუსეთ-საქართველოს ვაჭრობა

2026 წელს საქართველო-რუსეთის ეკონომიკური კავშირები რიგი მიმართულებით გაიზარდა, თუმცა გარკვეულ ნაწილში შემცირდა. საქსტატის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, წელს 9 თვის მონაცემებით ტურიზმის და ვაჭრობის მაჩვენებლები გაზრდილია, 9 თვის ფულად გზავნილებსა და 6 თვის პირდაპირ უცხოური ინვესტიციებში კი კლებაა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლის ქართული ღვინის ემბარგოს შემდეგ, წელს პირველად რუსეთმა ღვინის, მინერალური წყლებისა და გაზიანი სასმელების მწარმოებელ 7 კომპანიის პროდუქტის იმპორტი აკრძალა.

იანვარ-სექტემბერში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 2.21 მლრდ დოლარს მიაღწია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის პირველ ცხრა თვეში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ღირებულება დაახლოებით 1.9 მლრდ დოლარი იყო.

რუსეთთან სავაჭრო სალდო უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტის მოცულობები ექსპორტს აჭარბებს.

იმპორტი:

2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 21.6%-ით გაიზარდა და 1 მლრდ 650 მლნ დოლარი შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის ღირებულება 1 მლრდ 357 მლნ დოლარი იყო.

ამ პერიოდში უმსხვილესი იმპორტირებული საქონლის რეიტინგში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს. იანვარ-სექტემბერში საქართველომ 307.9 მლნ დოლარის ღირებულების რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა. მეორე ადგილზეა ნედლი ნავთობი და ბიტუმოვანი მინერალებისგან მიღებული ნედლი ნავთობპროდუქტებია, რომელთა იმპორტის ღირებულებამ 269.4 მლნ დოლარი შეადგინა. მესამე პოზიციას ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები იკავებს - 192.1 მლნ დოლარით.

რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქტების ათეულში მეოთხე ადგილზეა ხორბალი და მესლინი, 77.8 მლნ დოლარით, მეხუთეზე კი 41.6 მლნ დოლარით მზესუმზირის, ალისარჩულისა და ბამბის ზეთები და მათი ფრაქციებია. ათეულში ასევე შედის მინის ბოცები და ბოთლები - 34.4 მლნ დოლარი; ნახშირწყალბადების სულფირებული, ნიტრირებული ან ნიტროზირებული წარმოებულები - 34.2 მლნ დოლარი; ცოცხალი ღორები - 34.2 მლნ დოლარი; სპილენძის მავთული - 24.2 მლნ დოლარი; ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 22.2 მლნ დოლარი.

ექსპორტი:

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან რუსეთში 560.2 მლნ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა. ეს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 3.1%-ით მეტია. 2025 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთში ექსპორტის ღირებულება 543.3 მლნ დოლარი იყო.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთში ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქტი ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო - 119.8 მლნ დოლარი. მეორე ადგილზეა ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები, რომელთა ექსპორტის ღირებულებამ 92.9 მლნ დოლარი შეადგინა. მესამე პოზიციას სხვა ახალი ნაყოფი იკავებს - 61.4 მლნ დოლარით. რუსეთში ექსპორტირებული პროდუქტების ათეულში მეოთხე ადგილზეა მინერალური და მტკნარი წყლები, 59.8 მლნ დოლარით. შემდეგ მოდის სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - 46.8 მლნ დოლარი.

ათეულში ასევე შედის შაქრის დანამატების შემცველი წყლები, მათ შორის მინერალური და გაზიანი წყლები - 36.3 მლნ დოლარი; ახალი გარგარი, ალუბალი, ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 33.2 მლნ დოლარი; ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისგან დამზადებული ფქვილი და გრანულები - 12.9 მლნ დოლარი; სასმელების წარმოებისთვის გამოსაყენებელი ნარევები - 12.7 მლნ დოლარი; ახალი ვაშლი, მსხალი და კომში - 11.2 მლნ დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები:

2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 33.5%-ით შემცირდა და 37.2 მლნ დოლარი შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 56 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 109.5 მლნ დოლარი შეადგინა, 2024 წელს - 78.5 მლნ დოლარი, ხოლო 2023 წელს - 131.2 მლნ დოლარი. 2022 წელს რუსეთიდან 108.6 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, 2021 წელს კი - 87.7 მლნ დოლარის.

ფულადი გზავნილები:

2026 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 304.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 11.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსეთიდან გზავნილების შემცირების მიზეზი ევროკავშირის მიერ გზავნილების სისტემა Zolotaia Korona-ს სანქცირებაა, რის გამოც აგვისტოდან რუსეთიდან გადმორიცხვები მინიმუმამდე დავიდა, სექტემბერში კი განულდა. ჯამური ფულადი გზავნილების შემცირების მოცულობაც სწორედ ბოლო 2 თვით არის განპირობებული.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წელს რუსეთიდან საქართველოში 468 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2024 წელს კი - 541.2 მლნ დოლარი. რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა 2022 წელს, როდესაც საქართველოში 2.07 მლრდ დოლარი გადმოირიცხა. შედარებისთვის, 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 411.4 მლნ დოლარი შეადგინა, 2023 წელს კი - 1.53 მლრდ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პერიოდს დაემთხვა.

ტურიზმი:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ 9 თვეში საქართველომ რუსეთიდან 1 306 623 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60 879-ით, ანუ 4.9%-ით მეტია. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 1 245 744 ვიზიტორი შემოვიდა. საქართველოს ამ პერიოდში რუსი ტურისტებიდან მიღებული შემოსავალი 14.5%-ით 641.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ტურიზმის შემოსავლების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში, რუსეთი ევროკავშირის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები