„გასულ წელს საკმაოდ მაღალი იყო რეინვესტირების მაჩვენებელი და რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდა იყო ის, რის გამოც მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი 2025 წლის მაჩვენებელი. წელს რეინვესტირება არ არის“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ ხელმძღვანელის, გიორგი შარაძის კითხვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზის შესახებ.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის საკომიტეტო განხილვისას კაკაურიძემ განმარტა, რომ მაჩვენებლის კლება ბუნებრივი პროცესია, რადგან კომპანიები მოგებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში აგროვებენ, რათა რეინვესტირება ერთბაშად განახორციელონ.
„თუმცა აქ ზოგადად რეინვესტირებაზე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კომპანია გარკვეული პერიოდი აგროვებს მოგებას იმისთვის, რომ რაღაც პერიოდში ერთად გააკეთოს რეინვესტირება. ამიტომ გასულ წელს თუ მაღალი რეინვესტირება იყო, არ ნიშნავს, რომ წელსაც იგივე იქნება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი კაკაურიძის თქმით, მხოლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე აქცენტირება მცდარია და ჯამურ ინვესტიციებს უნდა შევხედოთ.
„ჩვენ ზოგადად უფრო სწორი იქნება ალბათ ჯამურ ინვესტიციებს შევხედოთ და არა მხოლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ბოლო ორი წელია შედარებით ნაკლებია, მოხმარების წილი უფრო მაღალია, ვიდრე ინვესტიციების. სწორედ ამიტომ, ჩვენი კაპიტალური ხარჯები უნდა იყოს ხელშემწყობი იმის, რომ კერძო ინვესტიციებიც გაიზარდოს“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის: 2026 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში FDI 21%-ით შემცირდა - 750 მილიონ დოლარამდე. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ ორი კვარტალია, რაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები მცირდება. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 2026 წლის II კვარტალში 468.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2025
წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.2 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, კლება ძირითადად, განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებით.
რაც შეეხება კაკაურიძის მიერ ნახსენებ რეინვესტიციას, 2025 წელს, საქართველოში შემოსული 1.9 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციიდან 84% ანუ $1.6 მილიარდი რეინვესტიცია იყო.
რეინვესტიცია ინვესტირებიდან მიღებული შემოსავლის ხელმეორედ ინვესტირებაა. კერძოდ, რეინვესტიცია უცხოური ინვესტორის მიერ ადგილობრივ შვილობილ კომპანიაში მიღებული მოგების ის ნაწილია, რომელიც ქვეყნიდან არ გადის დივიდენდის სახით, არამედ რჩება და კვლავ იდება ამავე საწარმოში, ითვლება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად რეინვესტირების ფორმით.
























