"უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ენერგეტიკის დარგს… ფაქტია, რომ რაღაც დააკლდა ამ სექტორს“, - ასეთი შეფასება არაერთხელ გამოიყენა კომპანია „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ დირექტორმა, გიორგი შუკაკიძემ, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
ინვესტორებისთვის ენერგეტიკის სექტორში მთავარ ბარიერებად კვლავ რჩება ბიუროკრატიული პროცედურები და გადაწყვეტილებების მიღების დაყოვნება. გარდა ამისა, გიორგი შუკაკიძის შეფასებით, სექტორისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება გრძელვადიანი საინვესტიციო გარემოს ნაკლები განჭვრეტადობაც.
ინტერვიუში, რომლის მთავარი თემა საქართველოს ენერგეტიკის საინვესტიციო პოტენციალი და შემცირებული FDI-ის მიზეზები იყო, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ იმ გამოწვევების მიუხედავად, რომლებიც ქვეყანაში ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას ანელებს, სექტორი საინვესტიციოდ მაინც მიმზიდველია.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ საინვესტიციო პორტფელის ჯამურმა ღირებულებამ უკვე 180 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს ცალკე უწყებად აღდგენის საკითხს, გიორგი შუკაკიძემ საკუთარი პოზიციის პირდაპირ დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, მაგრამ მიანიშნა, რომ ენერგეტიკის დარგს მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. “რამდენად საჭიროა სამინისტროს აღდგენა, ამაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვანდოთ მსჯელობა, თუმცა ფაქტია, რომ ამ დარგს რაღაც დააკლდა”, - თქვა ბიზნესმენმა.
ინტერვიუ გიორგი შუკაკიძესთან
- საქართველოს ენერგეტიკა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის დიდად მიმზიდველი არ არის - საქსტატის თანახმად, 2026 წლის 6 თვეში საქართველოს ენერგეტიკაში 41 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც თითქმის 67%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2024 წელს სექტორში სულ 78 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, შარშან კი - 98 მილიონი. თქვენი შეფასებით, რა არის ქართულ ენერგეტიკაში საინვესტიციო კლიმატის ყველაზე ძლიერი მხარე - რატომ დებთ ინვესტიციას ამ დარგში - და რა არის საინვესტიციო კლიმატის სუსტი წერტილი?
- ენერგეტიკის დარგი, ზოგადად, მიმზიდველია იქიდან გამომდინარე, რომ დეფიციტური ბაზარი გვაქვს. წელიწადში მინიმუმ 10 თვის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის საკუთარი რესურსი არ გვყოფნის, შესაბამისად, იმპორტირებულ ელექტროენერგიასა და გაზზე მუდმივად მზარდი დამოკიდებულების ქვეყანა ვართ. ხშირად მითქვამს, რომ ენერგეტიკულ დამოკიდებულებას არ აქვს მხოლოდ ფინანსური ღირებულება და ფასი, როგორც ასეთი - ამას აქვს პოლიტიკური ღირებულებაც. ანუ უსაფრთხოების ნაწილში რეალურად პრობლემაა ასეთი დამოკიდებულება, რა პარამეტრებზეც დღეს ვართ, და როგორც აღვნიშნე, ამ დამოკიდებულების ხარისხი მუდმივად მზარდია. აქედან გამომდინარე, ერთი ის არის, რომ ენერგეტიკოსები, რომლებიც ამ საკითხს პრობლემური თვალით ვუყურებთ, რეალურად ვხედავთ, რომ ამ დარგს სჭირდება მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. თუ მიწოდება-მოთხოვნის ბალანსის გაუმჯობესებაში რაიმე წვლილს შევიტანთ, პროგრესული კუთხით ეს უკვე საინტერესოა. მეორეც - მიმზიდველი ბაზარია იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა არსებობს. შესაბამისად, შეგიძლიათ შექმნათ მიწოდების პროდუქტი, ამაში ინვესტირება კი პოზიტიური და საინტერესოა თავისი ეკონომიკური თვალსაზრისითაც. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი ინტერესი, რომ ამ დარგში ინვესტირება მოვახდინოთ, და სწორედ ამიტომ არის ეს პროექტები დღეს ჩვენს პორტფელში. გამოწვევა კი ბევრია.
- ყველაზე ხშირად რა გამოწვევებს ეჩეხებით პირადად თქვენ, როგორც ერთი ინვესტორი — რას გამოყოფდით?
- ბევრი გამოწვევა იყო. საწყის ეტაპზე დროული გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია ბიზნესისთვის, რადგან შენი საქმიანობა ხვალინდელ დღეს პროგნოზირებადი უნდა იყოს. რეალურად უნდა ხედავდე ინვესტიციის განხორციელების პერიოდს და მისი უკუგების ნორმას; უნდა განსაზღვრო, რა დროში ხდება ინვესტიციის განხორციელება და როდის უნდა დაიწყოს ჩადებული კაპიტალის უკუგების პროცესი. აი, ეს პროცესი არ უნდა იყოს გრძელვადიანი და გაწელილი, რადგან შემდეგ თვითონ საინვესტიციო პროექტის ღირებულება იზრდება. დროში გაწელილი ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ მოქმედება უარყოფითად აისახება საინვესტიციო ღირებულებაზე - კაპიტალი მძიმდება და შეიძლება პროექტი საინტერესოც აღარ გახდეს, თუ ინიციირების შემდეგ მისი განხორციელებისთვის საჭირო ნებართვები დროულად არ იქნა მიღებული.
- მაინც რა არის ყველაზე სუსტი რგოლი, რაც აჭიანურებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებას?
- ასე ვერ ვიტყვი, ყველაზე სუსტი რგოლი რომელია, მაგრამ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რასაც ვატყობ: მაგალითად, ადრე უფრო მეტი ნეგატიური პროცესი ვითარდებოდა ადგილზე, მოსახლეობის არაინფორმირებულობის კუთხით, და უფრო მეტი პროტესტი არსებობდა, ვიდრე შეიძლება დღეს იყოს. სულ ამაზე ვსაუბრობდით ბიზნესიც და მედიაც, რომ მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ მათ, ვისაც უშუალოდ ეხება პროექტის განხორციელება. სწორად მიტანილი მესიჯები საწინდარია იმისა, რომ პროექტი იყოს წარმატებული და არ ხდებოდეს ისეთი კონფლიქტები, როგორიც უახლოეს წარსულში გვქონდა. ვფიქრობ, ამ კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ საპროტესტო აქტივობები ისეთი აღარ არის.
- იქნებ ბევრი ჰესი არც შენდება... ეს ეტყობა ინვესტიციების სტატისტიკასაც.
- შეიძლება… თქვენც ახსენეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა... ე.ი ხდება რაღაც ისეთი, რისი სწორი შეფასება და ანალიზიც არის საჭირო: თუ რატომ შემცირდა ენერგეტიკაში ინვესტირება და რა არის ამის მიზეზი. როგორც ვთქვი, დარგი მიმზიდველია, ინვესტორებიც არიან, ახსენეთ CFD აუქციონებიც - პირველი, მეორე - უამრავი პროექტი იყო ინიციირებული, რამდენიმე მილიარდ დოლარზეა საუბარი ამ პროექტების ჯამური მოცულობით. რატომ ვერ ვაკეთებთ ამ პროექტების რაღაც ნაწილს მაინც, რომ ეს პარამეტრი უკეთესი იყოს, ვიდრე არის?
- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი პრობლემა - ნაკლებად მოტივირებული ინვესტორები გვყავს თუ ბარიერები სახელმწიფოს მხარესაა?
- ეს საკითხი სამსჯელოა… მარტივად გეტყვით: ქვეყანაში პროექტების იდენტიფიცირება მოვახერხეთ (ზოგადად ვამბობ და არა კონკრეტულად ჩვენს კომპანიაზე), ანუ არსებობს პროექტები, არიან ინვესტორებიც, მაგრამ ეს პროექტები რეალურად ვერ გადადის სამშენებლო ეტაპზე. ესე იგი, რაღაც მართლაც შემაფერხებელი არსებობს. ეს შემაფერხებელი შეიძლება იყოს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, გადაწყვეტილებების დროულად მიღების დაყოვნების პროცესი. ინვესტორს თუ შევუქმნით ისეთ გარემოს, რომ მისთვის ყველაფერი განჭვრეტადი იყოს და ხვალინდელ პროგნოზს რეალურად ხედავდეს - რა ვადაში შეიძლება განახორციელოს პროექტი, 6 თვეში აიღებს მშენებლობის ნებართვას თუ ერთ წელიწადში - ბიზნესი ამას მოერგება. მთავარია, იცოდეს და მკაფიოდ ხედავდეს, ნებართვის აღება 6 თვეშია შესაძლებელი თუ 12-ში.
- რატომ ქმნიან ამ პრობლემას? ბევრი წელია გამოწვევად ბიუროკრატია სახელდება.
- დიახ, ბიუროკრატია არის პრობლემა, გეთანხმებით.
- თქვენ ხომ უფრო ხშირად გიწევთ შეხება ეკონომიკის თუ გარემოს დაცვის სამინისტროებთან და მათ დეპარტამენტებთან - რატომ არ აწერენ სწრაფად ხელს, ან რატომ არ განიხილავენ საკითხებს ოპერატიულად ისე, რომ ინვესტორს ამ ქვეყნის მიმართ საინვესტიციო მადა არ დაეკარგოს?
- ვერ გეტყვით. საბოლოო ჯამში, ენერგეტიკაში მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის მგონი არ არსებობს უწყება, რომელიც ჩართული არ არის. ბოლო პერიოდში ბევრი დამატებითი რეგულაცია შემოვიდა ქვეყანაში, რასაც მარტივად ვერ მივესალმებით. გაჩნდა ახალი უწყებები, რომლებთანაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკითხი მოსაზრებისთვის იგზავნება. ეს პროცესი უფრო გრძელვადიანი გახდა როგორც მშენებლობის წინა ეტაპზე, ისე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დროსაც. ეს ბიზნესზე დადებითად არ აისახება, იქიდან გამომდინარე, რომ დროში გაწელილი პროექტი მეტ დანახარჯთან არის დაკავშირებული. ეს დანახარჯი კი შესაბამისი უნდა იყოს იმ ამონაგებზე, რომელიც 12 თუ 15 წლის შემდეგ გვაქვს დაგეგმილი. ენერგეტიკა არ არის მოკლევადიანი ბიზნესი, ის ძალზე გრძელვადიანია - დღეს ჩადებული ინვესტიციის უკუგებას 5 ან 10 წლის თავზე ვერ დაელოდები. აქედან გამომდინარე...
- თქვენც გრძელვადიანი სტაბილურობა გჭირდებათ….
- დიახ, ამ დარგში დამატებითი რეგულაციების შემოღება შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს ინვესტიციის განხორციელებისას.
- კორუფციასთან ბრძოლის კამპანიაც გარკვეულწილად ხომ არ აფერხებს და ანელებს გადაწყვეტილებების მიღების ტემპს? იცით, რას ვგულისხმობ - პირად საუბრებში მსმენია: ხედავენ რა პროცესებიც მიდის ქვეყანაში - ის, ვინც დარგის კარგი გულშემატკივარი გვეგონა, დღეს კორუფციისთვის ციხეში ზის. საშუალო რგოლის მენეჯერები და ბიუროკრატები ძალიან ფრთხილობენ, გადაწყვეტილებების მიღებას თავის თავზე არ იღებენ, იმიტომ რომ ხვალ-ზეგ არავინ იცის, რა იქნება...
- შინაარსობრივად ეს საკითხი ჩემთვის განსახილველი არ არის...
- ხომ არ ატყობთ მსგავს სიმპტომს ბიუროკრატებთან ურთიერთობისას?
- შინაარსობრივად ვერაფერს გეტყვით. რამდენად მოქმედებს უშუალოდ ადამიანური ფაქტორები და შეხედულებები შემაფერხებლად, ვერ გეტყვით. ფაქტი ის არის, რომ რაღაცები შეიძლება უფრო სწრაფად გავაკეთოთ. ამისათვის ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება როგორც ბიზნესის, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხარეს. მარტივად ვიტყვი: პროექტები იდენტიფიცირებული გვაქვს, ვიცით, რა არის ქვეყნისთვის უკეთესი და რომელი უნდა განვახორციელოთ. ახლა არის ეტაპი, როდესაც ყველამ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს იდენტიფიცირებული პროექტები დავაჩქაროთ - ჯერ მშენებლობები დავიწყოთ რაც შეიძლება მალე და შემდეგ მალევე დავასრულოთ. თორემ, ხომ არ შეიძლება, კიდევ 5-10 წელი ვისაუბროთ იმაზე, რომ გვაქვს მზის, ქარის თუ ჰიდროენერგიის დიდი პოტენციალი, და ამ პოტენციალის ათვისებას რეალურად ვერ ვახდენდეთ.
- მესმის ბიზნესის ფრთხილი ენა - ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის საჭიროებას ხომ არ ხედავთ? მეტი ყურადღება ხომ არ გჭირდებათ ეკონომიკის სამინისტროსგან?
- მარტივად ვიტყვი - ცოტა სუბიექტური ვიქნები, რადგან საკუთარ თავზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ დარგში გაზრდილი კადრი ვარ. სუბიექტური ვიქნები იმ კუთხით, რომ როდესაც სამინისტრო არსებობდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) თუ ზოგადად ადგილობრივი, ქართული ინვესტიციების მაჩვენებლით ენერგეტიკა პირველ ადგილზე იდგა. იყო ასეთი წლები… აქედან გამომდინარე, ახლა რამდენად საჭიროა სამინისტროს აღდგენა, ამაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვანდოთ მსჯელობა, თუმცა ფაქტია, რომ ამ დარგს რაღაც დააკლდა. მეორე მხრივ, ყველა წინაპირობა და სურათი გვაქვს იმისა, რომ ამ დარგში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩაიდოს და რეალური შედეგი მივიღოთ: ნაკლები დამოკიდებულება, მაღალი ენერგოუსაფრთხოება და გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში შემდგომში მსხვილი მომხმარებლები - ვთქვათ, მონაცემთა ცენტრები (Data Centers) და სხვა ინდუსტრიები გაჩნდნენ. დღეს კი ისევ იმპორტირებულ გაზზე, იმპორტირებულ ელექტროენერგიასა და სხვა გარეგან რესურსებზე ვართ დამოკიდებულები. მოცემულობა გვაქვს - ახლა გადაჭრის გზები უნდა მოვძებნოთ, თანაც დროულად.
- რას უნდა დავუსვათ წერტილი საქართველოს ენერგეტიკაში? რა არის მთავარი ბარიერი, რის გაქრობასაც ისურვებდით, როგორც ინვესტორი?
- წერტილი ალბათ შენელებულ მოქმედებებს უნდა დავუსვათ. როგორც აღვნიშნე, ამ ქვეყანაში ყველას ჩვენ-ჩვენი საკეთებელი გვაქვს და ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ. როგორც უკვე ვთქვი, უამრავი პროექტია. თან ინვესტიციები მხოლოდ გენერაციის ნაწილში კი არ არის განსახორციელებელი, არამედ გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაშიც. გარდა ამისა - თქვენ ზაფხულის პერიოდი ახსენეთ - მართვის ნაწილშიც გვაქვს როგორც ინტელექტუალური, ისე მატერიალური რესურსი შესატანი. მოკლედ რომ ვთქვათ, ქსელი საიმედო უნდა იყოს, რათა დამატებითი მომხმარებლები მოვიზიდოთ - მათ შინაარსობრივად უნდა დაინახონ, რომ სისტემა საიმედოა და ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, მათი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.
























