ენერგიის სიჭარბე არა კონკრეტულად, მზის ენერგიის სექტორის პრობლემა, არამედ სისტემური გამოწვევაა - ამის შესახებ BMG-სთან „მზის ენერგიის ასოციაციის“ თავმჯდომარე, „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია საუბრობს.
მისი თქმით, ენერგიის სიჭარბის შემთხვევაში, მზის ელექტროსადგურების პრიორიტეტული გათიშვის საკითხი შესწავლას და გადახედვას საჭიროებს.
ამასთან, ასოციაციის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ენერგიის სიჭარბე არა კონკრეტულად „მზის პრობლემა“, არამედ სისტემური გამოწვევაა.
„სიჭარბე არის ზოგადი პრობლემა. ღამით მზის ელექტროსადგური არ მუშაობს, მაგრამ მაინც არის სიჭარბე და ამ შემთხვევაში, ელექტროსადგურს - ჰიდრო იქნება თუ ქარის სადგური გაჩერება მაინც უწევს.
ღამე მოხმარება იკლებს და უწევთ, რომ წყალი დაღვარონ ხომ? ქარის სადგურსაც უწევს გამომუშავების შემცირება. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა არ შეიძლება, რომ დავიწროვდეს და აღქმული იყოს ისე, რომ თუ ვიღაც მზის ელექტროსადგურს გათიშავს ან შეზღუდავს, ამით პრობლემა გადაიჭრება. პირიქით, ამით პრობლემა არ გადაიჭრება და უფრო გამძაფრდება - რაც უფრო მეტი გენერაციის ობიექტი აშენდება ქსელში“ - აცხადებს თორნიკე დარჯანია BMG-სთან.
მისივე თქმით, რომელიმე სექტორისთვის რაიმე სახის პრიორიტეტულობის მინიჭება „დამანგრეველი იქნება საინვესტიციო კლიმატისთვის“, რადგან, ინვესტორებმა სოლიდური კაპიტალი სწორედ იმ გათვლით განახორციელეს, რომ მათი საქმიანობა დისკრიმინაციულად არ შეიზღუდებოდა.
„ინვესტორს რომ სცოდნოდა, მისი სადგური პრიორიტეტულად გაითიშებოდა, ის ამ ინვესტიციას არ განახორციელებდა ან სხვანაირად დათვლიდა რისკებს“, - აღნიშნავს დარჯანია.
„მზის ენერგიის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ეკონომიკურ არგუმენტზეც საუბრობს. მისი თქმით, მზის ენერგია დღეს ყველაზე იაფი რესურსია და მისი ტარიფი 4,7-დან 5,6 ცენტამდე მერყეობს.
„ლოგიკური კითხვა ჩნდება - რატომ უნდა შევზღუდოთ ყველაზე იაფი, მზის წყარო და რატომ უნდა ვიყიდოთ პირობითად, უფრო ძვირიანი სხვა გენერაციის გამომუშავება? ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს“, - ამბობს დარჯანია.
პრობლემის მოსაგვარებლად ასოციაციაში ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს, მათ შორისაა მარეგულირებელი ჰესების ეფექტური გამოყენება; ექსპორტის შესაძლებლობების გაუმჯობესება; შემნახველი (აკუმულატორული) სისტემების დანერგვა და მოხმარების გონივრული ზრდა, მათ შორის ელექტრომობილების ხელშეწყობა და გაზზე დამოკიდებულების შემცირება.
არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო განიხილავს, ენერგეტიკულ ქსელში ენერგიის ჭარბად წარმოქმნის (მაგ. წყალუხვობის პერიოდში) ან დისბალანსის შემთხვევაში, მზისა და ქარის ელექტროსადგურები სისტემიდან პირველ რიგში, გაითიშოს ან სიმძლავრე შეუმციროს. ეკონომიკის სამინისტროს სქემა სავარაუდოდ, ასეთია - მზის სადგურები → ქარის სადგურები → ჰიდროელექტროსადგურები. თუმცა, ჯერჯერობით, კერძო სექტორის ინფორმაციით, მაისში დაფიქსირებული სიჭარბის დროს, შეზღუდვები ყველა ტიპის გენერაციის ობიექტს თანაბრად შეეხო.




























