მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩის თქმით, წამლებისთვის თურქეთის „ბაზრის გახსნის“ საკითხი გახარიას დროსაც იყო განხილული

61e1703b503fe
შოთა ტყეშელაშვილი
14.01.22 17:25
3233
საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა ჯერენ იაზგანის თქმით, ორ ქვეყანას შორის ფარმაცევტულ სფეროში თანამშრომლობის საკითხი ჯერ კიდევ წინა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტის დროს იყო განხილვის საგანი, თუმცა მას შემდეგ პანდემიის დაწყებამ ეს პროცესი შეაფერხა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი ეს პროცესი განაახლა და იმპორტისა და ლიცენზირების მოთხოვნების შეცვლა დაანონსა.

დიპლომატის განცხადებით, თურქეთის საელჩოს კომერციულ დეპარტამენტს უკვე დაწყებული აქვს კომუნიკაცია კომპანიებთან.

“რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას სურს, ერთი მხრივ, გააკონტროლოს მედიკამენტების ხარისხი და მეორე მხრივ, უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა. საქართველოსთვის ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდების საკითხი დღის წესრიგში ორიოდე წლის წინ, თურქეთში ჯერ კიდევ წინა პრემიერმინისტრის <გიორგი გახარიას> ვიზიტის დროს დადგა. შემდეგ პანდემია დაიწყო.

დღეს, როგორც უკვე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განზრახვა არსებობს. ამ თანამშრომლობის მხარეები არიან თურქეთის ფარმაცევტული კომპანიები და საქართველოს მთავრობა.

გასათვალისწინებელია ლიცენზირების მოთხოვნები, იმპორტის მოთხოვნები და ის მოლოდინები, რაც კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით; ასევე, რატომ არ შეიძლება საქართველოს ბაზარზე გარკვეული თურქული წამლები მოხვდნენ. ეს არის ის საკითხები, რაზეც გვსურს, თურქულმა კომპანიებმა ფოკუსირება მოახდინონ, რომ შემდეგ თურქეთის მთავრობამაც გადაწყვიტოს, როგორ დავუჭიროთ მათ მხარი. ამ მიზნით საელჩოს კომერციული დეპარტამენტი საქართველოში ბაზირებულ თურქულ კომპანიებს უკვე ხვდება", - აღნიშნავს საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი #Chekpoint-თან ინტერვიუში.  

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის, ასევე წამლების აკრედიტაციის და ხარისხის აღიარების შესახებ განცხადება 10 იანვარს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ამ ცვლილებამ საქართველოში წამლები უნდა გააიაფოს და მედიკამენტებზე მოქალაქეთა დანახარჯები შეამციროს.

“ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, რომ თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს მედიკამენტებს. ამას გარდა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რომელიც ამ მიმართულებით სიტუაციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს”, - აცხადებს პრემიერი.

ცვლილებებს მიესალმება “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” (BAG), რომელიც აღნიშნავს, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის საკითხი ბიზნესსა და პრემიერს შორის გამართულ შეხვედრაზეც დაისვა.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს „ბაზრის გახსნის“ აუცილებლობის საკითხზე იმსჯელეს, რაც თანაბრად სამართლიან მდგომარეობაში ჩააყენებდა როგორც ფარმაცევტულ სექტორში მომუშავე ბიზნესოპერატორებს, ასევე მოსახლეობას, რომელიც შეძლებს გაიაფებული და ხარისხიანი მედიკამენტების მიღებას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული პროცესი დინამიურად და კონსტრუქციულად წარიმართება,”- აღნიშნულია BAG-ის განცხადებაში.

თურქეთის ელჩთან ვრცელი ინტერვიუ გადაცემა Chekpoint-ის ეთერში 16 იანვარს, 22:00 საათზე BMG-ის ონლაინ არხზე გავა.



წინა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი თურქეთში 2019 წლის ოქტომბერში შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები