მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტროენერგეტიკის სექტორში განცხადებების უმეტესობა "ენერგო-პრო ჯორჯიაზე" მოდის - ენერგოომბუდსმენი

ენერგოპრო

2025 წლის განმავლობაში ელექტროენერგეტიკის სექტორში დაფიქსირებული საჩივრების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა უკმაყოფილების ძირითადი წილი რეგიონულ ოპერატორზე მოდის. ჯამში დარეგისტრირებული 444 განცხადებიდან, აბსოლუტური უმრავლესობა (77%) "ენერგო-პრო ჯორჯიას" ეხება.

ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის 2025 წლის ანგარიშში წერია. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში ელექტროენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებით დარეგისტრირდა მომხმარებელთა მხრიდან 444 განცხადება.

კომპანიების მიხედვით განცხადებები ასე გადანაწილდა:

  • სს „თელასი“ – 60;
  • შპს „თელმიკო“ - 31;
  • სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ – 344;
  • სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ – 9;

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შარშან ენერგეტიკულ კომპანიებს აბონენტები მნიშვნელოვნად გაეზარდათ და ქსელს ჯამში 67 ათასზე მეტი აბონენტი დაემატათ.

"გამანაწილებელი ქსელის გამართული ფუნქციონირების საჭიროება და აუცილებლობა კიდევ
უფრო აქტუალურია ელექტროენერგიის მომხმარებელთა მზარდი ტენდენციის ფონზე. ელექტროენერგიის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა ეხება როგორც საყოფაცხოვრებო, ისე
არასაყოფაცხოვრებო სექტორს.

2025 წლის სურათი შემდეგნაირად გამოიყურება: სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, დედაქალაქს დაემატა 34 112 ახალი აბონენტი. მათ შორის, 30 381 - საყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარს ელექტროენერგიას, ხოლო 3 741 აბონენტი წარმოადგენს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. თვითმმართველი ქალაქებისა და სხვა მუნიციპალიტეტების მასშტაბით, სს „ეპ ჯორჯია
მიწოდების“ მონაცემების თანახმად, დაემატა - 28 045 საყოფაცხოვრებო და 5 057
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი", - აღნიშნულია ანგარიშში.

ენერგოომბუდსმენი ასევე წერს, რომ საანგარიშო პერიოდში დავის მიზეზი არაერთხელ გახდა ენერგეტიკული საწარმოს მხრიდან წესების მოთხოვნის არასწორად შესრულება ან შეუსრულებლობა, კერძოდ, ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანებისას თანხის არასწორი დარიცხვა, დაკვირვების და დარიცხვის პერიოდის არასწორი განსაზღვრა, დეპოზიტის თანხის არასწორი დარიცხვა.

2025 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისადმი მომართვიანობის უმეტეს ნაწილს შეადგენდა ელექტროენერგიის სექტორში ხარისხის კუთხით
არსებული პრობლემები (ძაბვის ცვალებადობა, ქსელის მდგომარეობა, არასტაბილური
მიწოდება/ხშირი წყვეტები).

საჩივრების გარკვეული ნაწილი ეხებოდა გეგმური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვებს, მის ინტენსივობას და შემდგომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას მითითებულ დროზე გვიან. უმეტეს შემთხვევაში სამუშაოები ჭიანურდებოდა, რაც იწვევდა მომსახურების აღდგენის გადავადებას, რაც უარყოფითად აისახებოდა მომხმარებლებზე. დამცველის სამსახურს აქტიურად მომართავდნენ მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ელექტროენერგიის გარეშე და ითხოვდნენ აღდგენითი სამუშაოების დაჩქარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები