მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგეტიკული სისტემა სტრუქტურული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას - რატომ?|ანალიზი

დავით მირცხულავა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა სერიოზული სტრუქტურული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, სადაც მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად გენერაციის შეზღუდვები იქცა. ამის შესახებ ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა Facebook-ზე წერს.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის და კომპანია „საქართველოს განახლებადი ენერგიების“ დირექტორის შეფასებით, ვითარება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საინვესტიციო გარემოს და საფრთხეს უქმნის ახალი პროექტების განხორციელებას.

"ყველაზე დიდი სირთულე, პრობლემა დღეს ენერგეტიკაში?

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა დღეს დგას არა უბრალოდ ტექნიკური სირთულის, არამედ სტრუქტურული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე. გენერაციის შეზღუდვები გადაიქცა ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საინვესტიციო გარემოს და შექმნა სერიოზული რისკები ახალი პროექტების განხორციელებისთვის.

არსებული პროგნოზების მიხედვით, გენერაციის შეზღუდვების მოცულობა 2026 წლის დაახლოებით 1,750 მგვტ-დან 2030 წლისთვის 4,799 მგვტ-მდე იზრდება, რაც მიუთითებს, რომ პრობლემა დროებითი ან შემთხვევითი აღარ არის და სისტემურ ხასიათს ატარებს.

პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების პოტენციალი იზრდება გაცილებით სწრაფად ვიდრე ბაზრის მოქნილობა, ენერგიის დაგროვების შესაძლებლობები და საექსპორტო ინფრასტრუქტურა. შედეგად, ათასობით მეგავატი განახლებადი და ჰიდროგენერაციის სიმძლავრე იძულებულია შეიზღუდოს, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება.

ამ ვითარების ყველაზე მძიმე შედეგი მხოლოდ დაკარგული ელექტროენერგია არ არის. გაცილებით უფრო სერიოზულია საინვესტიციო გარემოზე ზემოქმედება. როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ აშენებული ელექტროსადგურის გამომუშავება შეიძლება სისტემამ ვერ მიიღოს, მნიშვნელოვნად იზრდება პროექტის რისკი, ძვირდება დაფინანსება, მცირდება საბანკო მხარდაჭერა და ფერხდება ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

შესაბამისად, შეზღუდვების შედეგად მიყენებული ზარალი მხოლოდ უშუალოდ დაკარგული ენერგიის ღირებულებით არ იზომება - ის მოიცავს დაკარგულ ინვესტიციებს, ეკონომიკური ზრდის შეფერხებას და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუარესებას.არსებულ პირობებში აუცილებელია ტრადიციული მიდგომებიდან გამოსვლა. მხოლოდ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა პრობლემას ვერ გადაჭრის. საჭიროა არასტანდარტული და სწრაფი გადაწყვეტილებების ერთობლიობა.

დღეს საქართველოს ენერგეტიკის მთავარი გამოწვევა აღარ არის მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოება. მთავარი გამოწვევაა უკვე წარმოებული ენერგიის ეფექტიანად მიღება, გადაცემა, შენახვა და რეალიზაცია. თუ უახლოეს წლებში არ განხორციელდა გადამწყვეტი და კრეატიული ნაბიჯები, გენერაციის შეზღუდვები შეიძლება გადაიქცეს იმ ფაქტორად, რომელიც შეაფერხებს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, შეამცირებს საინვესტიციო მიმზიდველობას და მნიშვნელოვნად შეანელებს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას.

ამიტომ გენერაციის შეზღუდვების პრობლემა უნდა განიხილებოდეს არა როგორც ცალკეული კომპანიების ან კონკრეტული ელექტროსადგურების საკითხი, არამედ როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული გამოწვევა, რომლის გადაწყვეტაც ქვეყნის ენერგეტიკული და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა", - წერს მირცხულავა.

2026 წლის მაისში, მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, მთავრობამ შეზღუდა
ელექტროსადგურების მუშაობა, რის გამოც ადგილობრივმა გენერაციამ წლიურად 9.5%-ით იკლო. საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი გენერაციის შეზღუდვა ივნის-ივლისშიც ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები