მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შესაძლოა, საინვესტიციო აქტივობა შეანელოს"|G&T-ის შეფასება აგროთანადაფინანსების პროგრამაზე

ინვესტიციები

Galt & Taggart-ის შეფასებით, აგროსექტორის მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილება გრძელვადიანად პოზიტიურია - გაზრდის პროექტების ხარისხს, სექტორის კორპორატიზაციას და სახელმწიფო რესურსების მიზნობრივ გამოყენებას. თუმცა, გრანტის ჩარიცხვის ვალდებულებების შესრულების შემდეგ ჩარიცხვამ და აგროკრედიტის სუბსიდიის შემცირებამ, შესაძლოა შეანელოს საინვესტიციო აქტივობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო პროექტებში.

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 2026 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. განახლებული პროგრამა სახელმწიფო თანადაფინანსებას ერთიან ჩარჩოში აქცევს და ამავე დროს ამკაცრებს პროექტების შესრულების, მონიტორინგის, აუდიტისა და აღრიცხვის მოთხოვნებს.

საინვესტიციო ბანკის კვლევაში გაანალიზებულია ცვლილებების პოტენციური გავლენა სექტორზე, გამოყოფილია პოზიტიური ეფექტები და გამოწვევები.

Galt & Taggart-ი შემდეგ პოზიტიურ ეფექტებს გამოყოფს:

  • გაიზრდება განხორციელებული პროექტების ხარისხი და გაუმჯობესდება სახელმწიფო რესურსების მიზნობრივი გამოყენება. მონიტორინგის გამკაცრება გაზრდის პროექტის შესრულების მოტივაციას, გააუმჯობესებს გამჭვირვალობას და შეამცირებს შეუსრულებელი პროექტების რისკს, რაც ძველი დაფინანსების მოდელის ერთ-ერთი ხარვეზი იყო.
  • მოქმედი მოდელი სექტორს გამსხვილებისკენ უბიძგებს, რაც პროდუქტიულობას გაზრდის. ახალი თანადაფინანსების მოდელი მოიზიდავს საშუალოდ უფრო მსხვილ ინვესტორებს, რადგან მათ კაპიტალის მობილიზების, საბანკო დაფინანსების მოზიდვისა და მომწოდებლებთან მოლაპარაკების უკეთესი შესაძლებლობა აქვთ. (ატმის ბაღების მაგალითზე), აგრობიზნესში სამუშაო ძალის პროდუქტიულობა დაახლოებით 1.6-ჯერ, ხოლო მოსავლიანობა 6-ჯერ აღემატება შინამეურნეობების შესაბამის მაჩვენებლებს. შესაბამისად, ბიზნესის წახალისება და სოფლის მეურნეობის წარმოებაში მისი წილის ზრდა (2024 წელს სოფლის მეურნეობის სექტორის ბრუნვაში ბიზნესის წილი 12.8%-ს შეადგენდა) ხელს შეუწყობს სექტორის პროდუქტიულობის ზრდას.
  • აღრიცხვიანობის გაუმჯობესება რეფორმის ერთ-ერთი მთავარი გრძელვადიანი სარგებელია. ფერმერთა რეესტრი და ციფრული მონაცემთა ბაზები უკეთეს საფუძველს შექმნის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისთვის, საბანკო შეფასებისა და კერძო საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის.

კვლევაში გამოწვევების ნაწილში აღნიშნულია, რომ ინვესტიციების ეფექტიანობა მოიმატებს ინვესტიციების ჯამური მოცულობის შესაძლო კლების ხარჯზე.

"მოქმედი მოდელის ფარგლებში, ინვესტორს პროექტის დაფინანსება თვითონ უწევს. გრანტი მხოლოდ ვალდებულებების შესრულების, აუდიტისა და ადგილზე კონტროლის შემდეგ ირიცხება (მაქსიმუმ 18-24 თვე). ამასთან, აგროკრედიტის პროცენტის სუბსიდია შემცირდა და 11%-დან სებ-ის რეფინანსირების განაკვეთზე (8.25% ივლ-26) გადავიდა, ხოლო პერიოდი 48 თვიდან 36 თვემდე შემცირდა. ამ ყოველივემ შესაძლოა ინვესტიციაზე უკუგება შეამციროს, განსაკუთრებით დაბალი საწყისი კაპიტალის შემთხვევაში. რამაც, საბოლოო ჯამში შესაძლოა ჯამური საინვესტიციო აქტივობა შეანელოს",- წერია კვლევაში.

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა - ძირითადი ცვლილებები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები