„საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები“ – ამ საკითხზე, „თიბისი კაპიტალმა დღეს ახალი ანგარიში წარადგინა.
„თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსმა ირინა კვახაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კვლევაში რამდენიმე მთავარ საკითხზეა საუბარი, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარებაზე.
მისი თქმით, ელექტროენერგიის მოხმარების მიმართულებით ზრდის ტენდენციებია და ეს მომავალ წლებშიც გაგრძელდება. „2023-დან 2026 წლამდე 13%-ით კიდევ გაიზრდება - განაცხადა კვახაძემ.
რაც შეეხება გასულ წლებს, მან თქვა, რომ 2015 წლიდან მოხმარება გაზრდილია 26%-ით და მათი შეფასებით ეს ტენდენცია მზარდია. ამასთან, მოხმარება გაიზრდება, როგორც საცალო ნაწილში, ისე საწარმოების დონეზე.
„გენერაციას რაც შეეხება, 2015 წლიდან მოხმარება გაზრდილია 2023 წელთა შედარებით, 33%-ით და ჩვენი მოლოდინია, რომ იმ პროექტების გათვალისწინებით, რისი გაშვებაც იგეგმება მოხმარება მომდევნო 3 წელიწადში, ანუ 2023 წლიდან 2026 წლამდე კიდევ გაიზრდება 13%-ით“, - თქვა „თიბისი კაპიტალის“ კვლევების სამსახურის უფროსმა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5.1%-ით გაიზრდება. მოხმარების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორებია: შემოსავლების ზრდა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ოჯახის ზომის შემცირება, ურბანიზაცია; საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურება; ელექტრონული მოწყობილობების მზარდი მოხმარება.
კვლევაში ასევე საუბარია, რომ 2015-2023 წლებში საქართველოში ელექტროენერგიის სექტორში ჯამურად 1.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ელექტროენერგიის ჯამური დადგმული სიმძლავრე კი 549 მგვტ-ით გაიზარდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის ტარიფებზე-PPA-ზე მორატორიუმის გამოცხადების შედეგად, დარგში ინვესტირება შენელდა.