მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტროენერგიის მოხმარების რა წილი მოდის საქართველოში ბიტკოინის გამომუშავებაზე - კომპანიების სია

ბიტკოინი

საქართველოში ამ დრომდე, კრიპტოვალუტების გამომუშავება ორ ძირითად კლასტერში - თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში და მესტიაში ხდებოდა.

აქედან თიზ-ებში კრიპტოვალუტას კომპანიები მრავალმილიონიანი კომპიუტერული აღჭურვილობით მოიპოვებენ. 2025 წელს ამ სეგმენტში ელექტროენერგიის მოხმარებამ 752 მილიონ კილოვატ საათს მიაღწია, რაც საქართველოს მთლიანი ელექტრომოხმარების 5% იყო.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტმა 2025 წელს 133 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, მაშინ როდესაც მისი ზომის სხვა მუნიციპალიტეტებში მოხმარება წლიურად 10 მილიონ კილოვატ საათს არ აჭარბებს.

ასეთი მაღალი მოხმარების მიზეზი ელექტროენერგიის გამრიცხველიანების სისტემის არარსებობის გამო, მაინინგისთვის ელექტროენერგიის დატაცებაა, რაც წლების განმავლობაში მაღალმთიანი რეგიონში მწვავე პრობლემის სახით დგას.

შესაბამისად, დაახლოებით 120 მილიონი კილოვატ საათი წარმოადგენდა მაინინგისთვის "ენერგო-პრო ჯორჯიასგან" უსასყიდლოდ დატაცებულ ელექტროენერგიას. ამ ელექტროენერგიის ღირებულება მიმდინარე ფასებში უკვე 30 მილიონ ლარს აჭარბებს (გაზრდილი ტარიფის პირობებში), გასულ წელს კი 25 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლეგალური და არალეგალური მაინინგის ჯამური მოცულობა 2025 წელს 872 მილიონ კილოვატ საათს აღწევდა, რაც მთლიანად ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 6% იყო.

მაინინგი სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი კომპიუტერული აპარატურის მეშვეობით ხორციელდება. აღნიშნული პროცესი საკმაოდ ენერგოტევადია და სწორედ ამიტომ ელექტროენერგიის ღირებულება ფაქტობრივად ამ საქმიანობის მთავარ საოპერაციო დანახარჯს წარმოადგენს.

არალეგალური მაინინგის პირობებში მესტიის მუნიციპალიტეტში პირებმა, რომლებიც მაინინგით იყვნენ დაკავებული "ენერგო პროს" წლიურად დაახლოებით ₾25 მილიონიანი ზარალის ფონზე, მიიღეს მოგება, თუმცა აღნიშნული მოგების კალკულაცია რთულია, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ მაღალი ალბათობით ამ პირების მიერ მაინინგი 7-8 და 10 წლის წინ გამოშვებული აპარატურის მეშვეობით ხორციელდებოდა, რაც ელექტროენერგიის საბაზრო ფასად მიღების შემთხვევაში ნებისმიერი სახით მოგების მიღებას გამორიცხავს.

რაც შეეხება ლეგალურ მაინინგს, ის ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობას წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებისთვის მთავარი ხარჯი ელექტროენერგიის ღირებულებაა, ყველაზე დაბალ ფასად ელექტროენერგიის მიღება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებშია შესაძლებელი, სადაც დენის მიღება დღგ-ის 18%-ით არ იბეგრება. აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიები სწორედ თიზ-ებიდან საქმიანობენ. სარეგისტრაციო მონაცემების თანახმად, ფაქტობრივად ყველა კომპანია თბილისის და ქუთაისის თიზ-შია რეგისტრირებული. ამასთან, მაინინგის შემოსავლიანობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული თავად კრიპტოვალუტის ღირებულებაზეც. 2025 წელს ამ მხრივ პიკური წელი იყო, რადგან ბიტკოინის ღირებულებამ ოქტომბერში 125 ათას დოლარს მიაღწია. ეს კი უფრო მოძველებული მაინერებით ოპერირების შემთხვევაშიც ხდიდა მოგების მიღებას შესაძლებელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს თიზ-ებში 2025 წელს მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგია შვიდჯერ გაიზარდა და რეკორდულ 752 მილიონ კილოვატ საათს მიაღწია.

დღევანდელი მდგომარეობით კი კრიპტოვალუტების ფასს დაღმავალი ტრენდი აქვს, აქედან გამომდინარე საქართველოში მაინინგის დატვირთვა შემცირებულია. 2026 წლის 4 თვეში მაინერებმა თიზ-ებში სულ 88 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59%-ით ნაკლებია. სწორედ ამიტომ, ბიტკოინის გამომუშავების წილი მთლიან ელექტრომოხმარებაში 1.7%-მდე შემცირდა.

რომელი კომპანიები არიან დაკავებული მაინინგით საქართველოში:

მოხმარებით პირველ ადგილზეა შპს ეიაიტექ სოლუშენი, რომელმაც 2026 წლის 4 თვეში 62 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით ნაკლებია. აღნიშნული კომპანია 2024 წლის თებერვალში არის რეგისტრირებული და მის მისამართს თბილისში, გლდანის თიზ-ი წარმოადგენს. კომპანია იყენებს იმ დატა ცენტრს, სადაც წარსულში Bitfury ახორციელებდა საქმიანობას. ამონაწერის თანახმად, მისი 100%-ის წილს ბიზნესმენი ეთერ მთვრალაშვილი ფლობს, რომელიც ამავდროულად კომპანიის დირექტორიცაა. კომპანია $20-მილიონიანი საბანკო კრედიტით ოპერირებს.

მეორე ადგილზეა შპს ტექსპრინტ კორპორეიშენი, რომელიც 2024 წლის ნოემბერშია დაფუძნებული. კომპანიამ 2026 წლის 4 თვეში 22.7 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. აღნიშნული კომპანია ქუთაისში ჰუალინგის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არის რეგისტრირებული, მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ასევე ბიზნესმენი ეთერ მთვრალაშვილია. კომპანია ასევე $20 მილიონიანი საბანკო კრედიტით ოპერირებს.

მესამე ადგილს იკავებს კომპანია "საინ ფიზ", რომელმაც 2026 წლის ოთხ თვეში 3.3 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. აღნიშნული კომპანია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მაინინგს არ ახდენდა. კომპანია 2021 წელს არის დაფუძნებული და მისი 100%-ის მფლობელია პორტუგალიის მოქალაქე მარკუს ვინიციუს დოს ანხოს გონსალვეს დე ფრეიტასი. კომპანია ასევე თბილისის, გლდანის თიზ-ში არის რეგისტრირებული.

სხვა კომპანიების მხრიდან 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ინდუსტრიული მაინინგი არ ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები