“2023 წლის ზამთრის სეზონს უნდა შევხვდეთ ორგანიზებულად, რადგან ტურიზმის ინდუსტრიაში ზამთრის კურორტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაღალშემოსავლიანი მიმართულებაა” - აღნიშნული განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა.
ორგანიზებულ სეზონს ვერ გრძნობენ მესტიაში. სასტუმრო ბიზნესს აქ ისევ ის პრობლემები აქვს, რაც 2022, 2021 და კიდევ უფრო ადრეულ წლებში ჰქონდათ. პრობლემებმა ადრესატამდე ჯერ ვერ მიაღწია. საუბარია, ელექტრომომარაგების მუდმივ შეფერხებასა და მოუწესრიგებელ გზებზე.
სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი ეკა გველესიანი bm.ge-სთან ამბობს, რომ ელექტროენერგიის წყვეტა უკვე დაიწყო. შესაბამისად, არსებული სიტუაცია სეზონთან დაკავშირებით დადებით მოლოდინებს ვერ გააჩენს.
„მესტიის შემთხვევაში ორგანიზებულობასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ძალიან პესიმისტური განწყობით ვართ, რადგან ისევ იგივე პრობლემები გვაქვს, რომელიც გასულ წლებში გვქონდა. ელექტროენერგიის წყვეტები უკვე დაწყებულია, შესაკეთებელია გზები და სამწუხაროდ, ამ მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. სავარაუდოდ, ისეთივე ჩავარდნილი იქნება სეზონი, როგორიც შარშან იყო.
მესტიის შემთხვევაში სეგმენტი არის მოთხილამურეები ევროპიდან, ჯავშნები ასე თუ ისე არის, თუმცა ეს არაფერს ცვლის. წინასწარი ჯავშნები შარშანაც გვქონდა, მაგრამ უშუქობის გამო ისინი გაუქმდა ან ჩამოსული სტუმრები უკან გაბრუნდნენ.
"იმედი გვაქვს, რომ წელს რაღაც საოცრება მოხდება და ასე არ იქნება, მაგრამ რთულია, რომ მხოლოდ იმედის იმედად ვართ“ - ამბობს ეკა გველესიანი.