მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ელექტროგადამცემი ხაზები მოძველებულია” - სასტუმროები სვანეთში ელექტროენერგიის პრობლემაზე საუბრობენ

მესტია

„სვანეთში ელექტროგადამცემი ხაზები და მთლიანი სისტემა მისახედია“ - სასტუმრო „ბანგურიანის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ჯაფარიძე რეგიონში არსებულ ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემებზე "საქმის კურსთან" საუბრობს.

მისი თქმით, მოძველებული ინფრასტრუქტურა უხვ ნალექს ვერ უძლებს, რაც გაზიფიცირების არქონის პირობებში, ტურისტული სექტორისთვის კრიტიკულ გამოწვევად რჩება და ვიზიტორებს დიდ დისკომფორტს უქმნის.

“პრობლემა არსებობს სვანეთში ელექტროენერგიის მოწოდებასთან დაკავშირებით, ეს უფრო ზამთრის პერიოდშია. ჩემი აზრით, ელექტროგადამცემი ხაზები მოძველებულია. ჩვენ ვნახეთ, რომ როცა იყო უხვი ნალექი, სვანეთის გარდა სხვა რეგიონებშიც იყო ანალოგიური პრობლემა. ამ ძველი სისტემის დაზიანებას, ძირითადად, ეს ნალექი იწვევს. მაინინგთან დაკავშირებით ეფექტიანად მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები, შესაბამისი უწყებებიც და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრას ექვემდებარება. სვანეთი უკვე მაგ ეტაპზეა, მაგრამ ეს ელექტროგადამცემი ხაზები და ეს სისტემა მისახედია.

როცა საერთაშორისო ვიზიტორი ამხელა მანძილს გადის და სტუმრობს სვანეთს, პირველი არის ელექტროენერგია და გზა, რომ მაქსიმალურად კომფორტულად შეძლოს სტუმარმა გადაადგილებაც და მერე თვითონ სასტუმროში განთავსებაც. სასტუმრო „ბანგურიანს“ აქვს თავისი გენერატორი, დიდ სასტუმროებს აქვთ რაღაც გენერატორები და შეძლებისდაგვარად ვუმკლავდებით ამ პრობლემას, მაგრამ ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს. მოგეხსენებათ გაზიფიცირებული არ არის ჩვენი რეგიონი და ყველა მაინც დამოკიდებულია ელექტროენერგიაზე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დისკომფორტია ეს ყველაფერი და იმედია, მალე აღმოიფხვრება”, - აცხადებს სასტუმრო “ბანგურიანის” აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ჯაფარიძე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები