საქართველოში რეგისტრირებული მანქანების მხოლოდ 1%-ია ელექტრო. ეს TBC Capital-ის მიმოხილვაში წერია, რომელიც საქართველოში საწვავის საცალო ბაზარს ეხება.
2025 წლის სექტემბრისთვის საქართველოში რეგისტრირებულმა ავტომობილებმა 1.9 მილიონს მიაღწია. ავტომობილების 64% ბენზინს ხოლო 23% დიზელს მოიხმარს. ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილები მთლიანი ავტოპარკის 12%-ია, თუმცა მათი ძირითადი საწვავი ბენზინია. ელექტრომობილები ავტოპარკის მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

TBC Capital-ის ცნობით, ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია, 2024 წელს მცირე ჩავარდნის მიუხედავად, მზარდია. თუ 2019 წელს ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წილი პირველად რეგისტრაციებში 39%-ს შეადგენდა, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 56%-მდეა გაზრდილი. მეორე მხრივ, შემცირებულია როგორც ჰიბრიდული, ასევე, დიზელის ძრავის მქონე ავტომობილების წილი პირველად რეგისტრაციებში.
























