ელექტრომობილების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია Zeekr-მა ივნისის თვის შედეგები გაასაჯაროვა. მათი ინფორმაციით, გასულ თვეს კომპანიამ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები გაყიდა, რითაც წლის I ნახევარში Zeekr აშშ-ში დალისტულ ელექტრონულ ავტომწარმოებლებს შორის მოწინავე პოზიციები დაიკავა.
Geely-ს შვილობილმა კომპანიამ ივნისში 20 106 ერთეული ელექტრომობილი გაყიდა, რითაც წლის განმავლობაში Zeekr-ის მიერ გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 87 870 ერთეულამდე გაიზარდა.
Zeekr-ის მაჩვენებელი მხოლოდ მცირედით აღემატება კიდევ ერთი ჩინური კომპანიის - NIO-ს გაყიდვებს, რომელმაც 6 თვეში 87 426 ელექტრომობილი გაყიდა, მათ შორის, რეკორდული 21 209 ერთეული ივნისის თვეში.
კიდევ ერთი ჩინური ავტომწარმოებელი Xpeng-ი კვლავ ჩამორჩება თავის კონკურენტებს: ივნისის თვეში კომპანიამ 10 668 ელექტრომობილი გაყიდა, რითაც 2024 წლის ჯამი 42 028-მდე გზარდა.
ჰიბრიდული ავტომობილების მწარმოებლებს შორის ლიდერობას Li Auto ინარჩუნებს, რომელმაც ივნისში 47 774 ავტომობილი გაყიდა, წლის პირველ ნახევარში კი - 188 981. კომპანიის წარმოებული ავტომობილების ძირითადი ნაწილი საწვავის ავზით იწყობა, რათა ბატარეაზე მართვა უფრო დიდ მანძილზე იყოს შესაძლებელი.
ამასთანავე, Huawei-ის ბრენდის - Aito-ს მიერ წარმოებული ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებმა 6 თვეში 184 286 ერთეულს მიაღწიეს, Xiaomi-ის მიერ მარტში გამოშვებული კომპანიისთვის პირველი ელექტრომობილის, SU7-ის გაყიდვები კი 25 000-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში, ელექტრომობილებთან შედარებით, მოთხოვნა სწორედ ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებზე გაიზარდა, რაც ადასტურებს, რომ მომხმარებლებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება ელექტრომობილებით დასაფარი მანძილის სიმცირე.