მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრომობილების ქარხნის ადგილას ჯერ ელექტრობატარეების საწარმო ამოქმედდება - თურნავა

61bb672ac7a43
თამთა ჯიჯავაძე
16.12.21 20:18
3019
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედებას ხელი პანდემიამ შეუშალა, თუმცა მთავრობა ახლა ამავე ადგილას ელექტრობატარეების წარმოების პროექტზე მუშაობს.

„ეს არის სწორედ ის პროექტი, რომელიც იწყებოდა დიდი იმედებით, მაგრამ მის შემდგომ მსვლელობაში პანდემიამ კრიტიკული როლი შეასრულა. მსოფლიოში ძვირად ღირებული ავტომობილების, ელექტრომობილების შეძენაზე მოთხოვნა შედარებით შემცირებულია. ის გეგმები, რაც მთავრობას გვქონდა, რომ საჯარო სექტორიც უნდა გადასულიყო ელექტრომობილებზე და ახალი შესყიდვები განეხორციელებინა და ადგილობრივი წარმოებისთვის მხარი დაეჭირა, გადაიდო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ბიუჯეტი ახლა სხვა პრიორიტეტებითაა დატვირთული;

თუმცა ჩვენ ვმუშაობთ არა უშუალოდ ელექტრომობილების, არამედ მაგალითად, საქართველოში ელექტრობატარეების წარმოების შექმნის პროექტზე, რომელიც შინაარსით მიახლოებულია ამ პროექტთან. აქაც ენერგიის დაზოგვასა და მწვანე ენერგიაზე ორიენტირებული ტექნოლოგიაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ამ ტერიტორიაზე მსგავსი ტექნოლოგიებით მომუშავე საწარმოების კლასტერი განვითარდეს. იმედი მაქვს, რომ როცა ეკონომიკური ვითარება გამოსწორდება, ეს ქარხანა ელექტრომობილების წარმოებით ამოქმედდება“, - განაცხადა თურნავამ პარლამენტში პლენარულ სესიაზე.


მისივე თქმით, პრემიერისგან მიღებული აქვს უწყებას დავალება, რომ მსგავსი წარმოებისთვის ოპტიმალური კონცეფცია ჩამოყალიბდეს.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2019 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ამოქმედდებოდა. ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ექსპორტზე ევროკავშირში 2020 წელს გავიდოდა.

გეგმის მიხედვით, კომპანია „აიგრუპს“ 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში უნდა აეშენებინა ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო. შესაბამის მემორანდუმს ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა. მაშინ განაცხადეს, რომ ქარხანაში, დაახლოებით, 300 ადგილობრივი უნდა დასაქმდეს და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი უნდა დამზადდეს.

თუმცა კომპანია "აიგრუპმა" გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ COVID 19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ლოგისტიკური შეფერხებები, კომპანის გეგმები ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაიხედა.

დაახლოებით ორი თვის წინ კი, ამჟამინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უკვე განახლდა მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან. „ქუთაისში ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრომობილების გამოშვებასაც“, - აღნიშნა პრემიერმა ოქტომბერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები