მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტრომობილის 200 დამტენი ქსელზე დატვირთვას გაზრდის, ენერგო კომპანიები მზად უნდა იყვნენ - e-space

ელექტომობილი დამტენი

თბილისის მერია აუქციონს აცხადებს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელიც კიდევ 200-მდე ლოკაციაზე განთავსდება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს, 15 იანვარს განაცხადა.

კომპანია "ი-სპეისში", რომელიც ქვეყანაში ელექტრომობილების დამტენების ქსელს უკვე წლებია ავითარებს, ამბობენ, რომ არის საკითხები, რომელიც აუქციონის მიმდინარეობისას გათვალისწინებული უნდა იყოს, იმისთვის რომ ბიზნესი დაინტერესდეს.

კომპანიის გენერალური დირექტორი დავით იოსავა BMG-სთან ამბობს, რომ აუქციონის პირობები ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა აძლევდეს მონაწილეებს, არ უნდა ზღუდავდეს მათ, ხოლო გამარჯვებულ კომპანიას ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს.

მისი თქმით, ქალაქში 200 სწრაფი დამტენის მონტაჟი ელექტროენერგიის მოხმარებასაც გაზრდის, რასაც მზაობა დასჭირდება.

“ჩემთვის, როგორც ბიზნესის წარმომადგენლისთვის, მნიშვნელოვანი იქნება ელექტროენერგიის მიყვანის პირობები, ძალიან ძვირი ჯდება გაყვანილობის მომზადება, ახალი აბონენტის რეგისტრაცია და ამ ყველაფრის თანმდევი ხარჯები ვიდრე დამტენის თვითღირებულება. იმ ლოკაციებზე კი, სადაც მერია ახალი დამტენების მონტაჟს გეგმავს, კარგი იქნება თუ სიახლოვეს იქნება ელექტროენერგიის გამანაწილებელი ყუთები, საიდანაც შედარებით ბიუჯეტურად იქნება შესაძლებელი გაყვანილობის გაკეთება. რა თქმა უნდა, შეღავათები, რომელიც არსებობს რომ 50%-ით უფრო იაფი არის ახალი აბონენტის რეგისტრაცია ელექტრომობილების დამტენებისთვის, უნდა გავრცელდეს ამ შემთხვევაზეც.

200 ცალი სწრაფი დამტენი რომ დაემატოს ქალაქს, ეს დამტენები უნდა იყოს 50-100 კილოვატიანი, ეს საკმაოდ გაზრდის დატვირთვას ქსელზე. ქსელმა უნდა გაუძლოს ამ ყველაფერს და ამისთვის ენერგო კომპანიები ინფრასტრუქტურულად მზად იყვნენ”, - ამბობს "ი-სპეისი"-ის გენერალური დირექტორი დავით იოსავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები