მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

700-მდე დამტენი და მზარდი ჰაბები - როგორ ვითარდება ელექტროდამტენების ბაზარი?

დავით იოსავა

ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის კომპანიის, E-space-ის გენერალური დირექტორის შეფასებით, საქართველოში ელექტრომობილებსა და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდას, შესაბამისი ინფრასტრუქტურული ქსელის გაფართოებაც ფეხდაფეხ მიჰყვება. დავით იოსავა „საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში ავტომობილების მიმართულებით, 2026 წლის დასაწყისში განხორციელებულმა საკანონმდებლო და საგადასახადო შეღავათებმა ელექტროდამტენების ინფრასტრუქტურის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია.

„წლევანდელი წელი რეკორდული გახდა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი იყო გადასახადების ცვლილება, რომელიც წლის დასაწყისში დაანონსდა და შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზე შეზღუდვა დაწესდა. ამან დიდი ბიძგი მისცა ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას, რადგან ეს აქციზი ელექტრომობილებზე არ ვრცელდება.

დამტენების რაოდენობის ზრდაც ამან გამოიწვია - წელს უკვე საქართველოში 700-მდე ელექტრომობილის დამტენი არის. აქედან უმეტესობა სწრაფი დამტენებია. ასევე, ჩვენს ქსელში შეიქმნა პარტნიორებთან ერთად რამდენიმე ჰაბიც, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ბევრმა მომხმარებელმა ერთდროულად შეძლოს ამ დამტენების გამოყენება“, - განაცხადა დავით იოსავამ.

მისი ინფორმაციით, ბაზრის გაფართოებასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს საკითხად გეოგრაფიული დაფარვა რჩება, თუმცა სრული საყოველთაო ქსელი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, ძირითად ეკონომიკურ ცენტრებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალებზე გადაადგილება ელექტროტრანსპორტის მფლობელებისთვის უკვე სრულიად უსაფრთხო და კომფორტულია.

„რა თქმა უნდა, ყველა ქალაქი და სოფელი ამ ეტაპზე დაფარული არ არის - ჯერჯერობით რეგიონული ცენტრების ათვისება მიმდინარეობს. უფრო მეტი აქცენტია დიდ ქალაქებზე: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ასევე რუსთავში რამდენიმე ობიექტი დაემატა წელს. მთავარ გადაადგილებას ავტომაგისტრალზე გამართული ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს, სადაც დაემატა ჰაბები, რაც ზაფხულის პერიოდში რიგების პრობლემას ამცირებს", - აღნიშნა E-space-ის გენერალურმა დირექტორმა.

საინტერესოა ისიც, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების მოთხოვნა მხოლოდ კერძო ავტომფლობელებისგან არ მოდის. სექტორის ზრდაში სულ უფრო აქტიურად დეველოპერული კომპანიები და კორპორაციული სექტორი ერთვებიან, რომლებსაც საწვავის გაძვირების ფონზე საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია სურთ.

„ყველანაირი მოთხოვნა შემოდის: როგორც მაცხოვრებლებისგან, ვისაც კერძო პარკინგი ან საკუთარი ავტოფარეხი აქვს, ასევე დეველოპერული კომპანიებისგან. გარდა ამისა, საწვავის ფასის ზრდის გამო, სადისტრიბუციო და სხვა კომპანიები, რომლებსაც საკუთარი ავტოპარკი ჰყავთ, ნელ-ნელა ფიქრობენ ელექტრომობილებზე გადასვლას. ჩვენ რამდენიმე ასეთ კომპანიას უკვე ვუწევთ მომსახურებას, რომ თავიანთ ტერიტორიაზე შევქმნათ დასამუხტი ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა დავით იოსავამ.

რაც შეეხება ტექნიკურ უზრუნველყოფასა და აპარატურის იმპორტს, E-space-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე მიწოდება საკმაოდ დივერსიფიცირებულია. საფასო სეგმენტისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომპანიები მომხმარებლებს სხვადასხვა გეოგრაფიული წარმოშობის პროდუქციას სთავაზობენ.

„ჩვენ უკვე 10 წელია ამ ბიზნესში ვართ. მომწოდებლები გვყავს როგორც ევროპული ქვეყნებიდან, ასევე ჩინელი მწარმოებლები. ძირითადად ბაზარი გაჯერებულია ჩინური წარმოების დამტენებით, რადგან ფასში საკმაოდ დიდი სხვაობაა. თუმცა, კონკრეტულ მოთხოვნებზე, სადაც სავალდებულოა ევროპული სერტიფიკატი ან წარმოება - მომხმარებლებს შესაბამის ევროპულ პროდუქციასაც ვაწვდით“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოში ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მსუბუქი ავტომობილების აქციზის განაკვეთებთან დაკავშირებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე და 188-ე მუხლებში შესული ცვლილებებით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების განბაჟება მკვეთრად გაძვირდა, ხოლო 0-დან 6 წლამდე ასაკის მანქანებისთვის ერთიანი ფიქსირებული ტარიფი დაწესდა

ავტომობილის კატეგორია სტანდარტული (ბენზინი/დიზელი) მარცხენასაჭიანი ჰიბრიდი (-60%) მარჯვენასაჭიანი / საჭეგადატანილი (3x) 0-დან 6 წლის ჩათვლით 1.50 ლარი / სმ³ 0.60 ლარი / სმ³ 4.50 ლარი / სმ³ 6 წელზე მეტი ასაკის 4.50 ლარი / სმ³ 1.80 ლარი / სმ³ 13.50 ლარი / სმ³ (შენიშვნა: მარცხენასაჭიანი ჰიბრიდებისთვის განაკვეთი 60%-ით მცირდება, ხოლო მარჯვენასაჭიანისთვის სამმაგდება.)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები