მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ელექტროსისტემა ბიზნესის მონაწილეობით, მრჩეველთა საბჭო შექმნა, რაც მისასალმებელია - იორდანიშვილი

ვანო ზარდიაშვილი

კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი, ენერგეტიკის სექტორში იმ ბარიერების მოხსნაზე საუბრობს, რომლებიც წლების განმავლობაში აფერხებდა ახალი პროექტების განვითარებას.

მისი თქმით, მთავრობის მიერ დაწესებულმა შეღავათებმა ბიზნესს საშუალება მისცა, პროექტები კვლევის ფაზაზე უფრო ოპერატიულად გადაეყვანა.

„ფერის“ ხელმძღვანელი ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ახალ ინიციატივაზე, რაც გულისხმობს ბიზნესის მონაწილეობით, მრჩეველთა საბჭოს შეიქმნას.

„ეს შეღავათები [1 მლრდ ჯარიმის ჩამოწერა] მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესს, იმიტომ რომ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო დარიცხული ჯარიმები მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის. მთავრობამ პრინციპში, ამ გადაწყვეტილებით ეს ბარიერი მოხსნა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა მემორანდუმების მიმართულებით პროცესები. იქნებოდა ეს სამშენებლო ფაზაზე გადასვლა თუ კვლევის ფაზის დასრულება, რაც ძალიან მისასალმებელია.

რაც შეეხება სეს-ს, სხვათა შორის, საკმაოდ ინოვაციური შემოთავაზება გაუკეთა ამ დარგით დაინტერესებულ ბიზნესს, ენერგეტიკაში ჩართულ პირებს და გააკეთა მრჩეველთა საბჭო, რაც მისასალმებელია. ეს საბჭო ძალიან გამჭვირვალედ, კვირაში ერთხელ, განიხილავს საკითხებს მიმართულებების, დაინტერესებული მხარეებისა და ბიზნესის მიხედვით.

დავუშვათ, განიხილება რაჭაში გარკვეული სადგურების მშენებლობა ამ მიმართულებით; განიხილება ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთში და ასე შემდეგ. ყველას მოგეხსენებათ, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები გადამცემ ხაზებთან, გენერირებული ელექტროენერგიის ევაკუაციასა თუ ქვესადგურებთან მიერთებასთან დაკავშირებით.

ძირითადი შეხვედრები სწორედ იმას ემსახურება, თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად დაჩქარდეს ეს პროცესები: როგორ შეიძლება ჩაერთოს ბიზნესი და დაეხმაროს სისტემას, ან პირიქით სისტემა როგორ დაეხმაროს ბიზნესს, რომ განისაზღვროს უფრო პრიორიტეტული დარგები და მოხდეს ლიმიტირებული რესურსის მობილიზება იმ მიმართულებაზე, რომელიც უფრო პრიორიტეტულია და სადაც მოცემულ მომენტში უფრო დიდი ინვესტიცია იხარჯება.

საკითხების განხილვა ასე მიმდინარეობს და მერწმუნეთ, საკმაოდ ნორმალური შედეგები გვაქვს. ამან დააჩქარა „ლიახვის“ გაორჯაჭვიანების პროექტი, რომელზეც ტენდერი უკვე რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ჩათვალეთ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის არტერიაა. „ლიახვის“ გაორჯაჭვიანება ძალზე მნიშვნელოვანი იყო და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ვვარაუდობთ, რომ ამ ხაზს დაახლოებით 800-დან 1000 მეგავატამდე სიმძლავრე დაემატება", - აცხადებს იორდანიშვილი.

ბიზნესმენს BMG-მ ასევე ჰკითხა საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზეც, რომლის სრულად გახსნა უკვე რამდენიმე წელია ვადდება.

იორდანიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ერთადერთი სწორი გზაა, ბირჟასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი დახვეწას საჭიროებს.

„ბირჟის გახსნა დღეს რამდენიმე პრობლემის წინაშე დაგვაყენებს. პირველი კარგად არ არის მოფიქრებული უბალანსობის საკითხი. ეს ნიშნავს, რომ ერთი დღით ადრე უნდა განვაცხადო, რა რაოდენობის ენერგიას ვაწარმოებ და მივაწვდი სისტემას ხვალ. დამიჯერეთ, იმ მეტეოროლოგიური მონაცემების ბაზით, რაც ჩვენთან არსებობს, ამის ზუსტი განსაზღვრა საკმაოდ რთული იქნება. ამან კი შესაძლოა, ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვიოს, რადგან მწარმოებელმა თავი რომ დაიზღვიოს, შესაძლოა შეამციროს გაცხადებული მისაწოდებელი დენის რაოდენობა და ფასი გაზარდოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს საკითხი დასახვეწია, რადგან უბალანსობა ბირჟის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იქნება.

მეორე პრობლემა კი ადგილობრივი მწარმოებლებისა და გენერაციის ობიექტების დაცვაა. უნდა ვიფიქროთ, როგორ ავიცილოთ თავიდან მეზობელი დიდი ქვეყნებიდან კონკრეტულ მომენტში დემპინგური ფასების შემოთავაზება. ამან შესაძლოა დააზიანოს ჩვენი ინფრასტრუქტურა და მწარმოებლები, რის შემდეგაც ობიექტები, შესაძლოა, ძალიან დაბალ ფასად ისევ იმ დიდ კომპანიებზე გასხვისდეს.

პირადად მე ამ ორ საკითხს ვხედავ მთავარ დაბრკოლებად. როგორც კი ეს პრობლემები მეტ-ნაკლებად დარეგულირდება, რა თქმა უნდა, ყველა მომხრე ვიქნებით, რომ ბირჟა გაიხსნას", - ამბობს ლაშა იორდანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები