მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროსისტემა მონაცემთა ბაზებს აახლებს - 457 000 ლარის ტენდერი

სახელმწიფო ელექტროსისტემა დენი

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მონაცემთა ბაზებს აახლებს. ტენდერი 6 ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 6 აგვისტოს დასრულდა. ამ ეტაპზე პროცედურა შერჩევა-შეფასების პროცესშია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი მონაცემთა ცენტრებში ექსპლუატაციაში არსებული ორი HPE Alletra 6030-ის ტიპის დისკური სანახებისთვის მწარმოებლის ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების სამი წლით შეძენას ითვალისწინებს.

როგორც ტექნიკურ დავალებაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის უწყვეტი და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ქვეყნის ენერგოსისტემის მართვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რის გამოც არსებული სისტემებისთვის მწარმოებლის ოფიციალური ტექნიკური მხარდაჭერის შენარჩუნება აუცილებელია.

ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის 24-საათიანი ტექნიკური მხარდაჭერა კვირაში შვიდი დღის განმავლობაში, პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები, დაზიანებული კომპონენტების ჩანაცვლება და ინციდენტების მართვა.

დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი უშუალოდ მწარმოებლის მიერ და არა OEM ან სხვა ფორმით რე-ბრენდირებული პარტნიორის მეშვეობით. ამასთან, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებას უნდა დაურთოს მწარმოებლის ოფიციალური წერილი, რომელიც დაადასტურებს, რომ ტექნიკური მხარდაჭერა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები პირდაპირ მწარმოებლისგან იქნება ხელმისაწვდომი.

ტენდერის პირობებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება უნდა გააქტიურდეს, ხოლო ანგარიშსწორება მომსახურების გააქტიურებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს რვა სამუშაო დღეში განხორციელდება.

სატენდერო დოკუმენტაცია ასევე ითვალისწინებს, რომ თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული ფასი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება, კომპანიას ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დასკვნის წარმოდგენა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენდენტი დისკვალიფიკაციას დაექვემდებარება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებისთვის სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა 4 573 ლარია, ხოლო გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებამდე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაც უნდა წარმოადგინოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები