მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ელექტროსისტემას ჩამორჩენა ჰქონდა..." - რატომ ჩაერთო ბიზნესი ქვესადგურის მშენებლობის თანადაფინანსებაში?

232

"დღევანდელი დღე იყო უპრეცედენტო, სადაც კერძო და საჯარო თანამშრომლობის ახალი მოდელი შეიქმნა",- ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა ურბნისის ქვესადგურთან დაკავშირებულ მემორანდუმზე განაცხადა.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ქვესადგურის პროექტს, რომელიც სახელმწიფო კომპანიას უნდა განეხორციელებინა, კერძო სექტორიც დააფინანსებს. ვანო ზარდიაშვილმა და ექვსი კერძო ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, რომელიც ქვესადგური „ურბნისის“ ერთობლივ პროექტირებასა და მშენებლობას ითვალისწინებს. დაგეგმილია 220 კილოვოლტიანი ქვესადგურის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ინტეგრაციას. შეთანხმების მიხედვით, კომპანიები საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობის შეძენასა და მიწოდებას, ხოლო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს ქვესადგურის პროექტირებას, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს.

BMG დაინტერესდა, რა გახდა პროექტში კერძო სექტორის ჩართვის მიზეზი. როგორც ბიზნესი განმარტავს, ეს პროექტის გაჭიანურებას უკავშირდება.

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ ურბნისის ქვესადგურის მშენებლობის დაფინანსებაში ბიზნესის ჩართვა პროექტის ვადებთან დაკავშირებულმა გარემოებებმა განაპირობა. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ქვესადგურის განხორციელებაში ჩამორჩენა ჰქონდა, ბიზნესი კი ხარჯების გაწევას საკუთარი საჭიროების გათვალისწინებით დათანხმდა.

"აღნიშნული პროექტი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წინა მენეჯმენტის პირობებში უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა, რამაც ვადების გაჭიანურება გამოიწვია. ჩამორჩენა ჰქონდათ თავის დადებულ პირობებთან შეფარდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი პროექტი იყო დაწყებული ბიზნესის მხრიდან და მათი განხორციელება სხვადასხვა ეტაპზე იყო, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ქვესადგურის პროექტის განხორციელება. მისასალმებელია, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მენეჯმენტმა სრულად გაიზიარა კერძო სექტორის ხედვა და პროექტის დროული განხორციელება მათაც პრიორიტეტად დაისახეს. სწორედ ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში დავდეთ აღნიშნული შეთანხმება.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვესადგურის პროექტი 2027 წლის ბოლოს დასრულდეს, რაც კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა აღნიშნული შეთანხმებისთვის. შესაბამისად, ეს გამორჩეული პრეცედენტი დაშვება მოხდა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გახდეს ტიპური პრაქტიკა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო ითვალისწინებს ბიზნესის საჭიროებებს და გამჭვირვალედ იწყებს თანამშრომლობას. საბოლოოდ, სწორედ ამ მიდგომას მოაქვს რეალური შედეგი”,- აცხადებს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე.

თავის მხრივ, “ბემონის” მმართველი დირექტორი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი გიორგი მირცხულავა BMG-სთან განმარტავს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემაში ბევრი პრობლემური პროექტია, თუმცა ეს პროექტი ბიზნესს განსაკუთრებით სჭირდება, რის გამოც ასეთი კოლაბორაცია შედგა და საბოლოოდ, ორივე მხარე კმაყოფილი იქნება, რადგან ელექტროსისტემა თანხას დაზოგავს, ბიზნესი კი მალე მიიღებს საჭირო ინფრასტრუქტურას.

"ეს პროექტი არის წარმატებული კოლაბორაცია დეველოპერებსა და სახელმწიფო ელექტროსისტემას შორის. წესით და რიგით, ეს პროექტი თავიდან ბოლომდე უნდა აეშენებინა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, ასე იყო შეთანხმება. მაგრამ იმის გამო, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემას ფინანსურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვს, დეველოპერებმა და ელექტროსისტემამ მიაღწიეს შეთანხმებას. დეველოპერებს სჭირდებათ ეგ ქვესადგური, რომ თავისი ელექტროენერგია გაიტანონ. ინვესტორები, ამ შემთხვევაში ის დეველოპერი კომპანიები, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად მშენებლობა, შეისყიდიან შეთანხმებულ დანადგარებს და სახელმწიფო ელექტროსისტემა გააკეთებს ინსტალაციას. სარგებელი არის, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემა დაზოგავს თანხებს. რა თქმა უნდა, დეველოპერებს ოდნავ გაუძვირდათ თავიანთი ინვესტიციები, მაგრამ ისინი მიიღებენ იმას, რომ ეს პროექტი დამთავრდება რაც შეიძლება სწრაფად.

რა თქმა უნდა, მე, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იმდენად ძლიერი, შემოსავლიანი კომპანია იყოს 7, 8, 10 მსგავს პროექტს აკეთებდეს, მაგრამ რეალობას ხომ უნდა შევხედოთ",- განმარტავს გიორგი მირცხულავა.

„ენ-სი ჯგუფი-2022“ გენერალური დირექტორი გოჩა მუსელიანი კი ამბობს, რომ ურბნისის ქვესადგურის მშენებლობა ჭიანურდებოდა და ბიზნესმა სურვილი გამოთქვა, თავისი წვლილი შეეტანა. მან ამის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

„ჭიანურდებოდა აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შესვლა. როგორც სხვა დეველოპერებმა, ასევე ჩვენც გამოვთქვით მზაობა და სურვილი, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა ქვესადგურის მშენებლობაში.

ბიზნესის ჩართულობით რეალისტურია ის ვადები, რომელი ვადებიც დღესდღეობით არის წარმოდგენილი. ძალიან კარგი სახის თანამშრომლობა შედგა",- ამბობს „ენ-სი ჯგუფი-2022“-ის გენერალური დირექტორი გოჩა მუსელიანი.

BMG-მ პროექტის შესახებ დეტალური კითხვებით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასაც მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები