მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Eli Lilly-ის წონაში კლების წამალმა კვლევებში Ozempic-სა და Wegovy-ს აჯობა

Zepbound

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly წონაში კლების წამალთან დაკავშირებით უახლესი კლინიკური კვლევის შედეგებს ავრცელებს. როგორც ირკვევა, Zepbound-ის მომხმარებლები საშუალოდ 47%-ით მეტ წონას კარგავდნენ, ვიდრე Novo Nordisk-ის მიერ შექმნილი Wegovy-ის მომხმარებლები.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ Zepbound-ის (ტირზეპატიდის) მომხმარებლები წელიწად-ნახევარში საშუალოდ დაახლოებით 22 კილოგრამს კარგავდნენ, ხოლო Wegovy-ის (სემაგლუტიდის) მომხმარებლები 15 კგ-ს, რაც დრამატული სხვაობაა.

კომპანიამ აღნიშნა, რომ Zepbound-ის მომხმარებლების 32%-მა სხეულის მასის 25%-ზე მეტი დაკარგა, მაშინ როცა Wegovy-ის მომხმარებლების მხოლოდ 16%-მა შეძლო მსგავსი შედეგის მიღწევა.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალში და მის სანდოობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება Eli Lilly-ს. კვლევაში მონაწილეობა 751-მა ადამიანმა მიიღო, რომელთაც არ ჰქონდათ დიაბეტი, მაგრამ აწუხებდათ სიმსუქნე და ჰქონდათ თანმდევი დაავადებები, როგორიცაა: არტერიული ჰიპერტენზია, დისლიპიდემია, ობსტრუქციული სუნთქვის აპნოე ან გულ-სისხლძარღვთა დაავადება.

უნდა აღინიშნოს, რომ პლანეტის ყველაზე მკაცრ მარეგულირებელს, ამერიკის საკვების და წამლის ადმინისტრაციას (FDA) უკვე აქვს დამტკიცებული ტირზეპატიდისა და სემაგლუტიდის სხვადასხვა ვერსიები შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის სამკურნალოდ.

ზოგადად, წონაში კლების პრეპარატი ინიშნება სიმსუქნის ან შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. ამ ტიპის პრეპარატი აქვეითებს მადას და იწვევს უფრო ნაკლები კალორიის მიღებას. გარდა ამისა, ის იწვევს გლუკოზით განპირობებული ინსულინის გამოთავისუფლებას პანკრეასის ბეტა უჯრედებიდან. ინსულინი კი ცხიმის წარმოქმნისა და სისხლში გლუკოზის რეგულირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმონია.

ნაწლავური მოქმედების გარდა, ამ ტიპის პრეპარატს აქვს ცენტრალური ეფექტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავის ტვინში, მადის და ნაყროვანების ცენტრზე მოქმედებს და იწვევს მადის დაქვეითებას. სწორედ ეს განაპირობებს კალორიების მიღების შემცირებას და, საბოლოო ჯამში, წონაში კლებას

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები