წონაში კლების მედიკამენტების გამოჩენამ ბაზარზე ნამდვილი ფურორი გამოიწვია. Wegovy-ს შექმნის შემდეგ, Novo Nordisk-ი ევროპის მასშტაბით ყველაზე მსხვილი კომპანია გახდა.
აშშ-ის მარეგულირებლის მიერ Zepbound-ისთვის ავტორიზაციის მინიჭების გამო კი, Eli Lilly-ს კაპიტალიზაციამ $554 მილიარდს მიაღწია და მან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში მე-10 ადგილი დაიკავა.
წელს ფარმაცევტული სექტორის მკვეთრი აღმასვლა პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს მასშტაბით წონაში კლების მედიკამენტებზე მოთხოვნის ზრდასთან და მათ მიერ ახალი პრეპარატების შექმნასთან.
TECH INFORM-ში სტუმრობისას კლინიკა NeoLab-ის ენდოკრინოლოგმა, მერი დავითაძემ წონაში კლების მედიკამენტების რაობაზე ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ მუშაობს ამ ტიპის პრეპარატი:
„წონაში კლების პრეპარატი ინიშნება სიმსუქნის ან შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. ამ ტიპის პრეპარატი აქვეითებს მადას და იწვევს უფრო ნაკლები კალორიის მიღებას. გარდა ამისა, ის იწვევს გლუკოზით განპირობებული ინსულინის გამოთავისუფლებას პანკრეასის ბეტა უჯრედებიდან. ინსულინი კი ცხიმის წარმოქმნისა და სისხლში გლუკოზის რეგულირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმონია.
ნაწლავური მოქმედების გარდა, ამ ტიპის პრეპარატს აქვს ცენტრალური ეფექტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავის ტვინში, მადის და ნაყროვანების ცენტრზე მოქმედებს და იწვევს მადის დაქვეითებას. სწორედ ეს განაპირობებს კალორიების მიღების შემცირებას და, საბოლოო ჯამში, წონაში კლებას“.
მერი დავითაძემ წონაში კლების პრეპარატების ეფექტიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კურსი წარმატებულად ითვლება მაშინ, თუკი 6 თვის განმავლობაში პაციენტის წონა 5-დან 10%-ით მცირდება.