ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა, Eli Lilly-მ Merida Biosciences-ის შესასყიდად $2.88-მილიარდიანი გარიგება გააფორმა, რაც სელექციური დეგრადაციის გზით ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობის სფეროში კომპანიის პოზიციებს გაამყარებს.
შეთანხმების ფარგლებში Eli Lilly-მ Merida Biosciences-ის პორტფელი სრულად შეიძინა, რომლის მთავარი აქტივიც გრეივსის დაავადების სამკურნალო პრეპარატია. Merida-მ მედიკამენტ MER511-ის კლინიკური გამოცდის პირველი ფაზა გასული წლის დეკემბერში დაიწყო. არსებული ინფორმაციით, კლინიკური კვლევის პირველადმა მონაცემებმა ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ანტისხეულების მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება აჩვენა.
Merida Biosciences-ის ტექნოლოგია ავტოიმუნური და ალერგიული დაავადებების მკურნალობის სრულიად ახალ მეთოდოლოგიას ეფუძნება. არსებული თერაპიების უმრავლესობა იმუნური სისტემის დათრგუნვის პრინციპით მუშაობს, ხოლო Merida-ს მედიკამენტები უშუალოდ იმ პათოგენურ ანტისხეულებს ებრძვის, რომლებიც ჯანსაღ უჯრედებზე უარყოფითად მოქმედებს.
რაც შეეხება Eli Lilly-ს სტრატეგიას, GLP-1 კლასის მედიკამენტების გაყიდვებიდან მიღებული მაღალი შემოსავლების ფონზე, კომპანიამ წელს რამდენიმე მსხვილი გარიგება უკვე გააფორმა, მათ შორის ისეთ ბიოტექნოლოგიურ სტარტაპებთან, როგორებიცაა: AtaiBeckley, Centessa Pharmaceuticals და Kelonia Therapeutics.




























