მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ელიას კალთა“: ადგილობრივ ბაზარზე საიმედო პირუტყვი ფაქტობრივად არ არის, ამიტომ ევროპიდან შემოგვყავს

პირუტყვი

ადგილობრივ ბაზარზე ნედლი რძის მწარმოებელი კომპანია „ელიას კალთა“ საიმედო პირუტყვს ვერ პოულობს და შესაბამისად, იმპორტს ევროპის ბაზრიდან - კერძოდ, ესტონეთიდან ახორციელებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ზურა მასურაშვილმა, BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს ბაზარი ინფექციური დაავადებების მიმართ მაღალი მიდრეკილებით გამოირჩევა, რაც პირუტყვის უსაფრთხო წარმოებას ართულებს და ფერმერებს იძულებულს ხდის, სანაშენე საქონელი უცხოეთიდან შემოიყვანონ.

„ადგილობრივ ბაზარზე ვერ ვყიდულობთ, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, საიმედო პირუტყვი არ გვყავს. ჩვენი ქვეყანა მიდრეკილია ინფექციური დაავადებებისკენ, გარემო პრაქტიკულად დაუცველია, და არ არის ისეთი სტაბილური მეურნეობები, საიდანაც შეიძლება დიდი რაოდენობით ხარისხიანი საქონლის შეძენა”, - განმარტა მასურაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოში ინტენსიური მეურნეობები ძალიან მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი, რაც კიდევ უფრო ამცირებს ხარისხიანი პირუტყვის შიდა ბაზრიდან შესყიდვის შესაძლებლობას: „ინტენსიური მეურნეობები თითზე ჩამოსათვლელია, შესაბამისად, ადგილობრივი ფერმერები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ“, - თქვა მან.

„ელიას კალთა“ დღეში 6 ტონა ნედლ რძეს აწარმოებს და წლის ბოლომდე მისი 20-25%-ით ზრდას გეგმავს. პროდუქცია ძირითადად კომპანიებს „სოფლის ნობათი“ და “თელეთის რძის პროდუქტები“ მიეწოდება.

მასურაშვილის თქმით, წარმოების ზრდა ახალი პირუტყვის იმპორტს საჭიროებს, რის გამოც კომპანია უახლოეს პერიოდში დაახლოებით 33 სულ საქონელს ესტონეთიდან შეიძენს.

ინფორმაციისთვის, წელს, 8 თვეში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, წელს საქართველომ 3 002 ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი შეიძინა, რაშიც $10.3 მლნ გადაიხადა. მაშინ, როდესაც გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში საქართველოს $10.8 მლნ-ის ღირებულების 4 875 ტონა პირუტყვი ჰქონდა შესყიდული. მონაცემებით დგინდება, რომ წელს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იმპორტში დანახარჯები 4.2%-ით შემცირდა.

რაც შეეხება მთავარ საიმპორტო ბაზრებს, წელს მთავარი იმპორტიორი რუსეთი იყო, სადაც საქართველომ $5.3 მლნ-ის ღირებულების 2 049 ტონა პირუტყვი შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები