მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსება-რეალიზაციის წესის ამოქმედება გადავადდება. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, ახალი წესები 2025 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად, სავარაუდოდ, 2026 წლის 1-ელ იანვარს შევა ძალაში.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ამბობს, რომ ბიზნესი ცვლილებებითვის მზად ჯერ კიდევ არ არის. გოგი ჩიქოვანის თქმით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ბაზარზე მოქმედ რეალიზატორებს აღწერენ და იმ პირობებს გააცნობენ, რომლის დაკმაყოფილებაც 2026 წლიდან მოუწევთ.
“რეგლამენტმა განსაზღვრა კონკრეტული არეალები, სადაც დაუშვებელია მსგავსი ტიპის საქმიანობის წარმოება, ასევე საკრებულოს რეგლამენტით განისაზღვრა ის არეალები, სადაც დასაშვებია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საცხოვრებელ ზონებს, სადაც სამწუხაროდ, გვაქვს მსგავსი ფაქტები, რაც კრიტიკულია მოსახლეობისთვის.
გარდა ამისა დასაშვებ არეალებშიც გაიწერა კონკრეტული პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდნენ მეწარმე სუბიექტები. აქაც ორი მიმართულებაა: ერთი, მეორეული საბურავები, ფერადი ლითონები, ჯართი და ექსპლუატაციიდან გამოსული ავტომობილები. მეორე ნაწილი არის მარტივად აალებადი და ფეთქებადი მასალები. აალებადი მასალების შემთხვევაში აუცილებელი იქნება სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. აალებადი მასალების შემთხვევაში აუცილებელია რომ რეალიზაცია მოხდეს დახურულ შენობებში, რომ ჰაერის დაბინძურება არ მოხდეს.
ასევე გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც ჯართის რეალიზაცია ისეთ ადგილებზე ხდება, რომლებიც საცხოვრებელ ზონებთან არის ახლოს. პირველ ეტაპზე მოხდება სრული აღწერა, 1 წელი გვაქვს დრო იმისთვის, რომ ჩავატაროთ აღწერა და კონკრეტული ბიზნესი სუბიექტები მომზადება მოხდეს, რომ 2026 წლის პირველი იანვრიდან სრულად ამოქმედდეს აღნიშნული რეგლამენტი,” - ამბობს თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი.
ცნობისთვის, დადგენილებით, რომელიც 2020 წლით თარიღდება აღნიშნული პროდუქციის გაყიდვა ისეთ ზონებში აიკრძალება როგორიცაა საცხოვრებელი, რეკრეაციული, სატრანსპორტო და სპეც ზონები, სადაც ამ დროისთვის ეკონომიკური აგენტები პროდუქციის ყიდვა გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებენ.
დასაქმებულ პუნქტებში არსებულ ღია ტიპის ბაზრობებზე ჯართით, მარტივად აალებადი ნივთიერებებით, ასევე მეორადი საბურავებითა და სხვა დასახელების პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვა შეეხება ელიავას ბაზრობასაც, რომელიც ამ ეტაპზე საზოგადოებრივ საქმიან ზონაში მდებარეობს. ამ ზონაში ვაჭრობა დასაშვებია, თუმცა ბაზრობის მესაკუთრეებს პროდუქციის რეალიზაციისთვის 2026 წლამდე კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. ელიავას ბაზრობის იერსახის შეცვლაზე მუშაობაც წლების წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული კონცეფცია ხელმისაწვდომი საჯაროდ არ არის.