მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ელიტური კვლევების უმრავლესობა დასავლურ თემატიკაზეა ორიენტირებული" - მეცნიერების გეოგრაფია | კვლევა

მეცნიერება

სამეცნიერო ინოვაციებში დასავლეთის უპირობო დომინაციის ეპოქა სრულდება - ამის შესახებ ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს (NBER) ახალ სამუშაო დოკუმენტშია ნათქვამი.

კვლევა, სახელწოდებით "მეცნიერების გეოგრაფია" (The Geography of Science), 1980-დან 2022 წლამდე გამოქვეყნებულ 44 მილიონ პუბლიკაციას აანალიზებს. ის გლობალური კვლევითი ლანდშაფტის "სიღრმისეულ რეორგანიზაციას" ავლენს, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ქვეყნების კონკურენტუნარიანობასა და ცოდნაზე დაფუძნებულ გლობალურ ეკონომიკაზე.

გთავაზობთ კვლევის ძირითად მიგნებებს:

სამეცნიერო პუბლიკაციებში აშშ-ის, როგორც გლობალური ინოვაციის ძრავის, წილი 1980 წლის 40%-დან 2022 წელს 15%-მდე შემცირდა.

საპირისპიროდ, იმავე პერიოდში ჩინეთის წილი თითქმის ნულიდან 32%-მდე გაიზარდა. ეს ტენდენცია ხარისხსაც ეხება: ჩინეთი ახლა მაღალი დონის ჟურნალებში პუბლიკაციების 35%-ზე მეტს აწარმოებს, რითაც უსწრებს როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირს.

დოკუმენტში მოყვანილი მონაცემები ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ ჩინეთის ზრდა მხოლოდ მუშახელის სიმრავლით ან დასავლეთთან თანამშრომლობითაა განპირობებული. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს ზრდა მნიშვნელოვანწილად ჩინელი მეცნიერების ინდივიდუალური პროდუქტიულობის მატების შედეგია.

სექტორული სხვაობა

მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის მკვეთრი სპეციალიზაციის სხვაობა გამოიკვეთა, რაც ინდუსტრიულ პრიორიტეტებზე მიუთითებს:

  • ჩინეთი აბსოლუტური ლიდერია საინჟინრო და ფიზიკურ მეცნიერებებში. კერძოდ, მასალათა ინჟინერიასა და ფიზიკა-ქიმიაში.
  • აშშ კი გადამწყვეტ ლიდერობას ბიოსამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებებში ინარჩუნებს, რაც ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ და ფარმაცევტულ სექტორებს კონკურენტულ უპირატესობას უნარჩუნებს.

"კუნძულის" ეფექტი

ჩინეთის ფეთქებადი ზრდის მიუხედავად, მისი ინტეგრაცია გლობალურ საინოვაციო ქსელში შეზღუდულია. ჩინურ კვლევებს არაპროპორციულად ხშირად ისევ ჩინელი მკვლევრები ციტირებენ. მაღალი დონის ნაშრომებშიც კი, ციტირებების 58–68% კვლავ ჩინეთიდან მოდის.

დასავლური ფოკუსი

გლობალური ელიტური კვლევები კვლავ დასავლურ პრობლემატიკაზეა ორიენტირებული. გარღვევის მქონე პუბლიკაციების დაახლოებით 40% ისევ აშშ-ზე ფოკუსირებულ თემებს ეხება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აშშ ინარჩუნებს "რბილ ძალას" კვლევითი დღის წესრიგის განსაზღვრაში.

შემდეგი ტალღა: განვითარებადი ბაზრები

საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა, მათ შორის ინდოეთმა, რუსეთმა და ბრაზილიამ, თავიანთი წილი გაზარდეს და 2022 წელს გლობალური პუბლიკაციების 21% სწორედ მათზე მოდის - ეს ევროკავშირის მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება.

თუმცა, ნარჩუნდება "ხარისხის ხაფანგი": დიდი მოცულობის მიუხედავად, ეს ქვეყნები ტოპ-ჟურნალების პუბლიკაციების მხოლოდ 5%-ს ფლობენ, რაც 40 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა. ამჟამად ეს რეგიონები დომინირებენ სოფლის მეურნეობის, ვეტერინარიისა და სურსათის მეცნიერებებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები