ელკომერციის ბაზრის ზომა 2018-2024 წლებში გაათმაგდა და 3.5 მლრდ ლარს მიაღწია. Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომ ზრდა 2025 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა (40.6%-იანი ზრდა წლიურ ჭრილში) და საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2025 წელს ბაზრის ზომა 4.7 მლრდ ლარს მიაღწევს.
"ჩვენი პროგნოზით, ელ-კომერციის ბაზარი შეინარჩუნებს ორნიშნა ზრდის ტემპს (20.5%-იანი საშუალო წლიური ზრდა) და 2030 წლისთვის 10.7 მლრდ ლარს მიაღწევს", - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
ამასთან, 2024 წელს ელ-კომერციის ბაზრის 61% ადგილობრივ გაყიდვებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 39% - უცხოეთიდან განხორციელებულ შეკვეთებზე.
ბაზრის ზრდასთან ერთად გაიზარდა ონლაინ მყიდველთა რაოდენობაც - 2018-2025 წლებში 0.6 მლნ-დან 1 მლნ ადამიანამდე, ხოლო ონლაინ გაყიდვების განმახორციელებელი ქართული კომპანიების რაოდენობამ 2025 წელს 10 ათასს გადააჭარბა.
ბაზრის ძირითადი მოთამაშეები არიან მომსახურების სექტორში Wolt, Glovo, Bolt, Yandex, biletebi.ge და tkt.ge. აქედან პირველი ოთხი საერთაშორისო კომპანიაა, რომელთა ქართულ ბაზარზე შემოსვლა ელ-კომერციის ბაზრის განვითარების მთავარი ფაქტორი იყო. საქონლით ვაჭრობის სექტორში კონკურენცია ბევრად მაღალია - ქართულ ბაზარზე მთავარი მოთამაშეები არიან Veli.Store, Extra.ge და საცალო ვაჭრობაში ჩართული ბრენდული ქსელების უმეტესობა, ხოლო უცხოეთიდან გამოწერებში ტოპ კომპანიები არიან Temu, Amazon, Ebay, Aliexpress, Taobao, Trendyol, Zara, FarFetch.
საინვესტიციო ბანკის მიერ მომზადებულ კვლევაში ასევე წერია, რომ ელ-კომერციის წილი საცალო ვაჭრობის სექტორების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა ყველა სექტორში მზარდია. 2025 წლის 6 თვის მდგომარეობით, ელ-კომერციის წილი ჯამური საცალო ვაჭრობის ბრუნვაში 8%-ს შეადგენდა, საიდანაც ადგილობრივი კომპანიების წილი 2.2%, ხოლო უცხოეთიდან გამოწერების 5.8% იყო. ქვე-სექტორების მიხედვით წილი განსხვავებულია და ყველაზე მაღალია ტანსაცმლისა და აქსესუარების სექტორში (15.6% ჯამურად) და ყველაზე დაბალი FMCG სექტორში (1.1%).




























