მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრონული კომერციის პლატფორმები - როგორ ცვლის ჩინეთი ბაზარს

ecom
სტატიაში საუბარია:

ბოლო 25 წლის განმავლობაში, აშშ-ის ელექტრონული კომერციის სექტორი მოცულობითა და მასშტაბით სტაბილურად იზრდებოდა. ის, რაც თავდაპირველად მცირე მასშტაბით - წიგნებით, კომპაქტ-დისკებით, პროგრამული უზრუნველყოფითა და კომპიუტერული ტექნიკით დაიწყო, დღეს ყოვლისმომცველი გახდა და ძნელია წარმოვიდგინოთ რაიმე საქონელი, რომლის ყიდვაც დღეს ინტერნეტით შეუძლებელია.

Statista Consumer Insights-ის მიხედვით, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 94%-ს ბოლო 12 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს განხორციელებული ონლაინ შესყიდვა, სადაც ყველაზე პოპულარულ კატეგორიებად ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სახელდება. თუმცა, რეალურად რამდენად დიდია ელექტრონული კომერციის წილი საერთო სურათში?

აშშ-ის აღწერის ბიუროს მიერ რეგულარულად გამოქვეყნებული მონაცემებით, აშშ-ის მთლიან საცალო გაყიდვებში ონლაინ გაყიდვების წილი იმაზე მცირეა, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია.

მხოლოდ 2019 წელს მიაღწია ელექტრონულმა კომერციამ ორნიშნა წილს მთლიან საცალო გაყიდვებში (საზოგადოებრივი კვების ობიექტების გამოკლებით), ხოლო 2025 წლის მონაცემებითაც კი, ონლაინ გაყიდვებზე აშშ-ის საცალო გაყიდვების მხოლოდ 16.4% მოდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი შეიძლება მცირედ მოგვეჩვენოს იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი არასასურსათო შესყიდვების უმეტესობას ინტერნეტით ახორციელებს, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი საცალო გაყიდვები მოიცავს ისეთ კატეგორიებს, როგორებიცაა ავტომობილებითა და მათი ნაწილებით ვაჭრობა, ავტოგასამართი სადგურები და სურსათის მაღაზიები - ანუ სფეროებს, სადაც ელექტრონული კომერცია კვლავ უმნიშვნელო როლს თამაშობს. სხვა კატეგორიებში კი, განსაკუთრებით ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მიმართულებით, ონლაინ გაყიდვების წილი უკვე საგრძნობლად მაღალია.

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საცალო გაყიდვებში ონლაინ გაყიდვების წილი სტაბილურად იზრდებოდა, მხოლოდ ერთი გამონაკლისის გარდა: 2020 წელს (კოვიდპანდემიის პერიოდში) ონლაინ გაყიდვების წილი 10.6%-დან 14.5%-მდე გაიზარდა, რადგან მილიონობით ამერიკელი სახლში დარჩენის რეკომენდაციებისა და მაღაზიების დაკეტვის ფონზე ონლაინ შოპინგზე გადავიდა.

Covid-19 გახდა ასევე ბოლო 25 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ერთადერთი კლების მიზეზიც. 2022 წელს ონლაინ გაყიდვების წილი აშშ-ის საცალო ვაჭრობაში 14.7%-დან 14.4%-მდე შემცირდა, რადგან მაღაზიები კვლავ გაიხსნა და მომხმარებლები ტრადიციულ სავაჭრო ობიექტებს დაუბრუნდნენ.

მთლიანი გაყიდვების მოცულობით მსოფლიოში უმსხვილეს ელექტრონული კომერციის პლატფორმად კვლავ Amazon რჩება, თუმცა მის ლიდერობას სულ უფრო მეტად უქმნიან საფრთხეს სწრაფად მზარდი ჩინელი კონკურენტები. ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Pinduoduo და Douyin (TikTok-ის ორიგინალური ჩინური ვერსია), სწრაფად გააფართოვეს თავიანთი ეკოსისტემები, გააერთიანეს სოციალური მედია, გართობა და შოპინგი, რითაც ონლაინ მოხმარების სტილი სრულად შეცვალეს.

მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრონული კომერციის პლატფორმების მთლიანი გაყიდვების მოცულობა 2025 წელს:

1. Amazon (აშშ) - $846.1 მილიარდი
2. Pinduoduo (ჩინეთი) - $780.5 მილიარდი
3. Douyin (ჩინეთი) - $656.4 მილიარდი
4. Taobao.com (ჩინეთი) - $584.8 მილიარდი
5. TMall.com (ჩინეთი) - $568.5 მილიარდი
6. JD.com (ჩინეთი) - $547.7 მილიარდი
7. Kuaishou (ჩინეთი) - $225.8 მილიარდი
8. Walmart (აშშ) - $197.5 მილიარდი

ECDB-ის შეფასებით, გასულ წელს Amazon-ის მთლიანმა გაყიდვებმა 846 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც უშუალოდ კომპანიის საკუთარი გაყიდვების წილი 296 მილიარდი დოლარი იყო. Pinduoduo და Douyin რეიტინგში მეორე და მესამე ადგილებზე განთავსდნენ, შესაბამისად, 781 მილიარდი და 656 მილიარდი დოლარით. ორივე მათგანმა ბოლო წლებში გადაასწრო ისეთ ჩინურ პლატფორმებს, როგორებიცაა Taobao, Tmall და JD.com.

მიუხედავად იმისა, რომ Amazon კვლავ დომინირებს დასავლეთის ბაზრებზე, გლობალური ელექტრონული კომერციის სექტორი სულ უფრო ფრაგმენტირებული და კონკურენტული ხდება. სოციალური კომერციისა და მობილურ მოწყობილობებზე ორიენტირებული ჩინური პლატფორმების ზრდა მიუთითებს იმაზე, თუ როგორ იცვლება მომხმარებლების მიერ პროდუქტების აღმოჩენისა და შეძენის გზები. ეს აიძულებს ბაზრის დამკვიდრებულ მოთამაშეებს, მიჰყვნენ იმ ტენდენციებს, რომლებიც სულ უფრო მეტად ყალიბდება მსოფლიოს მეორე უმსხვილეს სამომხმარებლო ბაზარზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები