ტექნოლოგიური კომპანია Elven Technologies, რომელიც საზოგადოებისთვის, მეხანძრეებისთვის ინოვაციური ცეცხლგამძლე უნიფორმის წარმოებითაა ცნობილი, იმავე მატერიისგან ახალ პროდუქტს ქმნის, რომლის შესახებაც კომპანიის დამფუძნებელმა ვამეხ ხერხეულიძემ BMGDrive-ში სტუმრობისას ისაუბრა.
“კონცენტრირებული ვართ ლითიუმის ბატარეების შეფუთვაზე, რომლებიც გამოიყენება ყველა ელექტრომობილში და ასევე ენერგიის შემნახველ ბატარეიად სახლებში ან ინდუსტრიულ შენობებში, რომლებიც მზის პანელებით იმუხტება. ამ ბატარეების პრობლემა ისაა, რომ ხანდახან, სპონტანურად ძალიან ძლიერი ცეცხლი ეკიდება, რომელსაც სახანძრო ვერ აქრობს და ელოდება, რომ ჩაიწვას და ამ წვის განმავლობაში მანქანას ანადგურებს, სახლებს წვავს… ვფუთავთ ამ ბატარიებს, რომ, ოდესმე თუ ცეცხლი წაეკიდა ამ ცეცხლმა, არ გამოაღწიოს შეფუთვის გარეთ, საათების განმავლობაში”, - განმარტავს Elven Tech-ის დამფუძნებელი.
მისი თქმით, პროდუქტის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანია მეხანძრეების უნიფორმების ექსპორტზე მუშაობდა და აღმოაჩინეს, რომ ეს ხანგრძლივ პროცესთანაა დაკავშირებული.
“იმას, რომ მეხანძრის უნიფორმა გაიტანო უცხოეთის ბაზარზე, ძალიან დიდი დრო სჭირდება, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს მაინც, იმიტომ რომ უამრავი სერტიფიკატია ასაღები და დასამტკიცებელი, რომ მისი თითოეული ნაწილი ადამიანისთვის ჩასაცმელად უსაფრთხოა.ამაზე მუშაობის პერიოდში ვნახეთ პირველად, როგორ იწვოდა Tesla-ს ავტომობილი. რაღაც პერიოდი ვიკვლევდით ბაზარს, სანამ პილოტზე დავიწყებდით ლაპარაკს და აღმოვაჩინეთ, რომ ეს ბაზარი დარეგულირებული არ არის, ხანძარუსაფრთხოება არ რეგულირდება. არც ერთ ელექტრომობილს სპეციალური შრე ალისა და ტემპერატურის წინააღმდეგ არ უდევს მანქანაში”, - აღნიშნავს ვამეხ ხერხეულიძე.
Elven Tech-ის ახალი პროექტით მსხვილი შვედური ავტომწარმოებელი კომპანია Volvo-ც დაინტერესდა, თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევამდე რამდენიმე ხანგრძლივი ეტაპის გავლაა საჭირო.
“Volvo-ს ჩვენი სემპლები ორი თვის წინ ჩაუვიდა, მაგრამ დღემდე არ გაუტესტავთ. თუ გვეტყვიან, რომ არ მოგვეწონა, ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, თუ გვეტყვიან რომ არ მოგვეწონა, 10-ჯერ უფრო მნიშვნელოვანია. ორი თვეა ველოდებით, თუმცა ძალიან ნელი პროცესია, რომელიც დიდ შემოსავალსაც მოიტანს”, - ამბობს ხერხეულიძე.
დროში გაწელილი პროცესის მიუხედავად, კომპანია ცდილობს, ბაზარზე უფრო სწრაფად შევიდეს, რის გამოც მოლაპარაკებებს მზის პანელების დამმონტაჟებელ კომპანიებთანაც აწარმოებს.
“ახლა იტესტება ჩვენი პროდუქტი, რომელიც არის სახლზე მისამაგრებელი მზის ბატარეის შეფუთვაა, რომელიც ღია იქნება სანამ ცეცხლი გაჩნდება და როგორც კი ცეცხლი გაჩნდება, დაიხურება და ცეცხლს დააკავებს, რაც შეიძლება დაყენებიდან 5-10 წელიწადში მოხდეს, იშვიათი და ერთჯერადი შემთხვევაა. იდეა ისაა, ვინც ამ სისტემებს ამონტაჟებს, მათვე მიჰყიდონ მომხმარებლებს”, - ამბობს Elven Tech-ის დამფუძნებელი.
ხერხეულიძის განმარტებით, ამ პროდუქტის ღირებულება მზის პანელებზე დამატებით $1000 იქნება და სახლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს