IMF-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში არაბული ინვესტიციების მოზიდვის ფაქტს აფასებს - Bloomberg-ის კითხვაზე, რას ფიქრობს ალეხანდრო ჰაიჟდენბერგი EMAAR-ის $6 მილიარდიან ინვესტიციაზე იმ ფონზე, რომ დასავლური FDI ქვეყანაში მცირდება და რამდენად შეაფერხებს ქვეყანაში გაერთიანებული საამიროების მასშტაბური წარმომადგენლობა დასავლურ ინვესტიციებს. ჰაჟდენბერგმა აღნიშნა, რომ პირიქით, ეს FDI-ის მოზიდვას შეუწყობს ხელს.
"რა თქმა უნდა, FDI-ის მოზიდვა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ძლიერი ბიზნესგარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ამ მასშტაბურ პროექტს თუ შეუძლია სხვა პროექტების შეფერხება, ალბათ არა, ალბათ პირიქითაა. ვხედავთ, რომ თუ ინვესტორებისგან ინტერესი ჩანს, ეს ინტერესს სხვა ინვესტორებში ზრდის, შესაძლოა გაერთიანებული ინვესტიციებიც იყოს. ამიტომ კარგია, რომ საქართველოში დიდი ინვესტიცია შემოდის", - განაცხადა ჰაჟდენბერგმა IMF-ის ბრიფინგზე.
Bloomberg-ის კითხვას გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ EMAAR-ის ინვესტიცია ქვეყანაში დასავლურ FDI-ის მოიზიდავს, რაც არაბული კომპანიის მიერ სხვა ქვეყნებში შესრულებული პროექტებითაც დასტურდება.
"ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საქართველოსთვის, ძალიან მასშტაბური, და დიდი ეკონომიკის ზომასთან მიმართებით. დავეხმარები [ალეხანდრო ჰაჟდენბერგს], რომ ეს არა თუ შემზღუდავია სხვა ინვესტიციებისთვის, არამედ პირიქით - წამახალისებელია. ის რომ, ინვესტორი მზადაა, საქართველოში $6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, პრაქტიკულად უკვე მიღებული გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილების შესრულების ეტაპზე გადასვლაზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ახალისებს ინვესტიციების მოზიდვას არა მხოლოდ ამ სფეროში, სხვა სფეროებშიც.
ასეთი ტიპის ინვესტიციები არა თუ აფერხებს, არამედ ბევრად ახალისებს და ამარტივებს სხვა დასავლური ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში. Emaar არის ჯგუფი, რომელსაც ბევრგან აქვს ასეთი ტიპის ინვესტიცია განხორციელებული და მხოლოდ დადებითი ეფექტი აქვს გამოწვეული როგორც ამ პროექტების შესრულების, ასევე ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ: დეველოპერული კომპანია EMAAR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს. EMAAR ჯგუფის შვილობილ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში, 27 იანვარს გაფორმდა. შეთანხმება საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას თბილისსა და გონიოში გულისხმობს.



























