საქართველოში მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, საყოველთაო აღწერაში მონაწილეობა სავალდებულოა და ის რეგულირდება ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონით.
"ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე და 35-ე მუხლების შესაბამისად ინდივიდუალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება გამჟღავნებას.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას მან აღწერის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა და ასევე, დეტალურად განმარტა ვინ ექვემდებარება აღწერას და ვინ - არა.
"საყოველთაო აღწერას ექვემდებარება საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე. მუდმივად მცხოვრები დროის კრიტერიუმით განისაზღვრება - თუ ადამიანი 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, ის მუდმივად მცხოვრებად ითვლება.
გარდა ამისა, საერთაშორისო მიდგომის და სტანდარტების შესაბამისად, აღწერას ექვემდებარებიან საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები (მიუხედავად ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობისა) და საქართველოში მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირები“, - ამბობს გოგიტა თოდრაძე.
საყოველთაო აღწერას არ ექვემდებარებიან: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე და მისი ოჯახის წევრები და ასევე, უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურე და მისი ოჯახის წევრები.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობად არ ითვლებიან ემიგრანტები. კერძოდ, 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები საყოველთაო აღწერაში არ მონაწილეობენ.
„ემიგრანტები, ვინც 12 თვეზე მეტია იმყოფებიან საზღვარგარეთ, ითვლებიან იმ ქვეყნის მცხოვრებლებად, სადაც არიან და შესაბამისად, აღწერის ობიექტს არ წარმოადგენენ. ანუ ემიგრანტები საქართველოს მოსახლეობად არ ითვლებიან. ეს გახლავთ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის და გაეროს სტატისტიკის სამსახურის რეკომენდაცია, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს“, - განმარტავს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.
საინტერესოა ისიც, რომ აღწერას არ ექვემდებარებიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებიც, მიუხედავად იმისა, რომ წელს აღწერა შესაძლებელია თვითრეგისტრაციის გზითაც ანუ ონლაინ.
„სამწუხაროდ ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაიმე სახის ინფორმაცია შევაგროვოთ, მათ შორის ონლაინ. თვითრეგისტრაციის ბმული და პროგრამა მოქმედებს იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი მუდმივი მოსახლეობა ცხოვრობს. სხვა შემთხვევაში არ იქნება ვალიდური. გაეროს მეთოდოლოგიით, სადაც ქვეყნის იურისდიქცია ვრცელდება, იქ ტარდება მოსახლეობის აღწერა“, - ამბობს გოგიტა თოდრაძე.
საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისის თვეში. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. ასევე სასოფლო–სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.