სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2024 წელს მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის წელს უწყების ბიუჯეტში დაახლოებით 6.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ მან საქსტატის 2022 წლის შეფასებისა და 2023 წლის დაგეგმილი სიახლეების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2024 წელს მოსახლეობის აღწერა არა ტრადიციული, არამედ თანამედროვე მეთოდით ჩატარდება.
„2022 წელს დადგინდა მოსახლეობის აღწერის ჩატარების თარიღი. აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ აღწერისთვის უარს ვამბობთ ტრადიციული მეთოდის გამოყენებაზე და თანამედროვე მეთოდებს გამოვიყენებთ, პირველი ორი კვირის განმავლობაში მონაცემთა შეგროვება დაიწყება თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით ვებგვერდის საშუალებით და შემდეგ გაგრძელდება ე.წ. კაპი მეთოდით, ანუ პლანშეტური მეთოდით მონაცემთა შეგროვება“, - განაცხადა თოდრაძემ.
საქსტატის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სტატისტიკის სამსახურის ბიუჯეტი 2023 წელს გაიზარდა და ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის იქნება განკუთვნილი.
„საქსტატის ბიუჯეტი 2023 წლისთვის გაზრდილია 13 მლნ-დან თითქმის 21 მლნ ლარამდე, აქ ზრდა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ აქტიურ ფაზაში შედის მოსახლეობის აღწერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და დაახლოებით 6.5 მლნ ლარი მოდის მოსახლეობის აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე“, - თქვა თოდრაძემ.