მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლების ახალი პლატფორმა ამოქმედდა - განათლების სამინისტრო

პლატფორმა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლების ახალი პლატფორმა ამოქმედდა. ახალი პლატფორმის "ქართული ენა ემიგრანტებისთვის" პრეზენტაცია გუშინ გაიმართა, რომელიც დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროექტი განკუთვნილია 5-18 წლის ემიგრანტი ბავშვებისთვის.

უწყების ცნობით, ელექტრონული პლატფორმა, რომლის მიზანს დიასპორის საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა წარმოადგენს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა. ამ ეტაპზე, დარეგისტრირებულია 73 ქვეყნის 2400-მდე მოსწავლე და 41 მასწავლებელი. პლატფორმაზე განთავსებულია მოსწავლის, მასწავლებლისა და საგანმანათლებლო რესურსების სექციები. პორტალი უზრუნველყოფს მსურველთა რეგისტრაციას პლატფორმაზე განთავსებული საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობის, მასწავლებელთა მეთოდური მხარდაჭერის და დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით.

ქართული ენის შესწავლის მსურველი მოსწავლეებისთვის გაკვეთილებს ატარებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული მასწავლებლები. პლატფორმაზე გაკვეთილები კვირაში 2-ჯერ ტარდება.

ცნობისთვის, დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულება, 2017 წლიდან ხორციელდება.

ახალი პლატფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა თამარ მახარაშვილმა და ზვიად გაბისონიამ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკა ხუციშვილმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ და მოადგილე გურამ ჭარელიშვილმა.

რამდენია ახალი პლატფორმის ბიუჯეტი, ამის შესახებ განათლების სამინისტროს პრესრელიზში არ წერია, შესაბამისი კითხვით Bm.ge-მ განათლების უწყებას უკვე მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები