მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ემუქრება თუ არა საქართველოს ქათმის ხორცის დეფიციტი?

5f7dd2df90c76
სალომე მეცხვარიშვილი
07.10.20 21:22
2507
იმპორტიორების ნაწილი საქართველოში ქათმის ხორცის დეფიციტს პროგნოზირებს. 20 ოქტომბრიდან ძალაში შედის ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ბიზნესს სხვადასხვა ვალდებულებას აკისრებს.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, იმპორტირებული ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი.  საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლისას, იგივე დოკუმენტი შეიძლება წარმოდგენილი იქნას ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, ხოლო მასში მითითებულ გაყინულ და სწრაფად გაყინულ ფრინველის ნაჭრებში, წყლის საერთო რაოდენობა უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5%-ისა.

ყველაზე პრობლემური ბოლო ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც გაყინულ ხორცში წყლის შემცველობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. იმპორტიორები ამბობენ, რომ აღნიშნულ დოკუმენტს მათი უცხოელი პარტნიორები ვერ აწვდიან, მათ შორის ისეთი ქვეყნიდანაც კი როგორიც აშშ-ია. ქათმის ხორცის იმპორტიორი აცხადებს, რომ მათ მომწოდებლებს მსგავსი დოკუმენტის შაბლონი უბრალოდ არ გააჩნიათ, დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება კი მცირე რაოდენობის ხორცის რეალიზაციისას უბრალოდ არ უღირთ.

“თუ ეს კანონი დაკანონდება და 20 ოქტომბრიდან ძალაში შევა, ჩვენ აქტიურად ვეღარ შემოვიტანთ იმ ტვირთებს, რომლებიც შემოგვქონდა 1 ან 2 თვის წინ, შესაბამისად, იქნება დეფიციტი და გაჭირვებულ მოსახლეობას კიდევ უფრო წნეხად დააწვება, რადგან ფასები გაიზრდება”,- აცხადებს იმპორტიორი კომპანიის “ჰიუმ ინტერნეიშენალის” ხელმძღვანელი სულხან ბოგველი.

ახალი მოთხოვნები ფრინველის ხორცის იმპორტიორებისთვის თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, რეგულაციების ძალაში შესვლა მთავრობამ 20 ოქტომბრამდე გადააავადა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი კოვიდ ინფექცია და ფრინველის ხორცის დეფიციტის თავიდან აცილება იყო. დღეს იმპორტიორების ნაწილი ხელისუფლებისგან ახალი წესების ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადებას ითხოვს, რათა მათ რეგულაციებზე მორგება შეძლონ.

“იქნებ შევძლოთ, რომ გადავავადოთ საახალწლო პერიოდში მაინც, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფ პროდუქციასთან წვდომა”,- აცხადებს იმპორტიორი.

საკითხზე შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც გაიმართა, თუმცა, უწყებაში განმარტავენ, რომ გაყინული ხორცის შემოტანაზე დროებით შეჩერებული რეგულაციების გადავადებას აღარ გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები