გასულ წელს “დაცული ტერიტორიების სააგენტომ” მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი კერძო კომპანიას - “კანიონი 350” - 40 წლით იჯარით გადასცა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ კანიონის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყო. პერიოდულად კანიონზე მიმდინარე სამუშაოებს სხვადასხვა პერიოდში საზოგადოებრივი ჯგუფები აპროტესტებდნენ.
დღეს, 20 ოქტომბერს, “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ადგილობრივი მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროსა და კომპანიისგან კანიონზე მიმდინარე სამუშაოებზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს.
BM.GE კითხვებით, რა ვითარებაა ბალდის კანიონზე ამჟამად და აპირებს თუ არა კომპანია, მიმდინარე სამუშაოები დროებით შეაჩეროს, “კანიონი 350”-ის მმართველ პარტნიორსა და დირექტორს, გიორგი მერკვილაძეს დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის წინააღმდეგი საერთოდ არ არის.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას არ წარმოადგენს, ისინი ბალდელებიც კი არ არიან. ჩვენი კომპანია 1 მარტიდან მუშაობს ადგილზე. ამ დროიდან 10 ივლისამდე ერთი ადგილობრივიც არ მოსულა პრეტენზიით - პირიქით. სამართლიანობის ცენტრს სამმა პიროვნებამ მიმართა, რომლებიც არ არიან ბალდელები და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიან დასასვენებლად. როდესაც ისინი ჩამოვიდნენ, წილი მომთხოვეს და უარით გავისტუმრე. ამის შემდეგ დაიწყო პროტესტი. 1500-კაციანი სოფლიდან პროტესტზე როცა 50 ადამიანი მოდის, ეგ სოფლის პოზიციას არ წარმოადგენს”, - აცხადებს გიორგი მერკვილაძე.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, კომპანია სამუშაოებს დაუდევრად, ხე-მცენარეების გაჩეხვით აწარმოებს და ბუნებრივ გარემოს აზიანებს. "კანიონი 350” ამ ბრალდებას უარყოფს, მისი წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მომჩივანი მხარის პირადი ინტერესი კანიონზე მიმდინარე სამუშაოების გადაბარებაა.
“არანაირ დაუდევრობას არ აქვს ადგილი, ხე არ იჭრება, არაფერი ზიანდება. პირიქით, ეგ ხეობა გამხმარი ბზების ხეობაა, ერთი ცოცხალი ბზა აღარაა დარჩენილი, დაგეგმილი გვაქვს მათი აღდგენა. არანაირი ეგეთი პრობლემა არ არსებობს. როცა ადგილზე გუბერნატორი, მინისტრის მოადგილე იყვნენ ჩამოსული, მომჩივნებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეთ და ამ პროექტს ჩვენ გავაკეთებთო.
სამუშაოების შეწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ იგეგმება. ხელს გვიშლიან მაქსიმალურად, ჩვენს თანამშრომლებზეც მიდის ზეწოლა, შეურაცხყოფა, რომ სამსახურში არ გამოვიდნენ. სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, სწორედ ამიტომ იყვნენ ჩამოსული სამინისტროდან, რომ კითხვის ნიშნები ჰქონდათ. თუმცა შეხვედრის შემდეგ ეს კითხვის ნიშნები გაქრა. მიხვდნენ, მომჩივნების რეალური მიზანი რა იყო”, - აცხადებს გიორგი მერკვილაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა “კანიონი 350”-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი 11 ოქტომბერს დაადგინა. კერძოდ, კომპანია სამუშაოებს იჯარით გაცემული ტერიტორიის გარეთ აწარმოებდა. მერკვილაძის თქმით, კომპანიამ მერიისგან გაფრთხილება მართლაც მიიღო.
“როდესაც მთაში აწარმოებ სამუშაოებს, ყოველთვის შეიძლება, 1-2 მეტრით იქით გახვიდე. როცა მთაში მხოლოდ ერთი ბილიკი მიდის და მასალა მიგაქვს, ხეობაში შესატანად მასალის ჩამოცლა გჭირდება. ჩამოცლის დროს იძახებენ გარემოს ზედამხედველობას, და ამაზე წერენ ჯარიმებს, ან გაფრთხილებას, რომ მეორედ არ გაიმეორო. ღობე შესაძლოა, 0.5 მეტრით იყოს აცდენილი და მერიამ გვთხოვა, წესრიგში მოვიყვანოთ ეს დარღვევა”, - აცხადებს გიორგი მერკვილაძე.
“გარემოს დაცვის სააგენტო” სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყებაა. BM.GE-მ კომენტარისთვის გარემოს დაცვის სამინისტროსაც მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან 5 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ, უწყებამ კომპანიის მხრიდან სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტი ვერ გამოავლინა, რის გამოც სამინისტროს სამუშაოების შეწყვეტის ოფიციალური ბერკეტი არ გააჩნია. როგორც სამინისტროში BM.GE-ს განუმარტეს, მიმდინარე სამუშაოების შეჩერება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გახდება შესაძლებელი. სასამართლომ კი დროებითი ზომების მიღებაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, “კანიონი 350”, ხელშეკრულების თანახმად, პროექტში ₾3 მლნ-ზე მეტის ინვესტიციას დებს. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ კი კანიონი, კომპანიის ცნობით, 60 000-მდე ადამიანს მიიზიდავს, რაც დღევანდელი ვიზიტორების რაოდენობას 6-ჯერ აღემატება.