მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასება მოხდება - სამინისტრო

კანიონი 350
26.02.24 11:33
87

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია, რომელიც ადგილზე გაეცნობა და მოახდენს ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბალდის კანიონზე, კომისიის წევრებთან ერთად, საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გეგმავენ
ჩასვლას.

"ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემუშავების ვალდებულება სამინისტროსა და სააგენტოს არ აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და დაცული ტერიტორიების საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო, ექსპერტების ჩართულობით, უზრუნველყოფს მიმდინარე პროექტის ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე წარმოდგენილ ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას.

სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობის იმ ჯგუფის მიერ, რომელიც აპროტესტებს ბალდის კანიონის განვითარების პროექტს, უკვე არაერთხელ დაფიქსირდა დესტრუქციული ქმედება. მათ შორის, ქალაქ მარტვილში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრის ჩაშლის დროს და, ასევე, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმურ ღონისძიებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული ზემოაღნიშნულ პროექტთან. ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო იტოვებს იმედს, რომ ბალდის კანიონის ტერიტორიაზე დროებითი კომისიის დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასებას, ჩაივლის მშვიდ, სამუშაო გარემოში და არცერთი მხარე არ შეეცდება პროცესებისათვის ხელის შეშლას და სხვა დესტრუქციულ ქმედებებს.
აქვე, კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ბალდის კანიონის განვითარების პროექტის მიზანია - საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნა სამეგრელოს რეგიონში - პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში (კავკასიაში), რომლითაც სრულად სარგებლობას შეძლებენ შშმ პირები.

შესაბამისად, ამ მართლაც უნიკალურ ადგილს, რომლის უდიდესი ნაწილი ვიზიტორებისთვის მიუწვდომელი იყო, მთელი ქვეყანა და მსოფლიო გაიცნობს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთანავე, ეს პროექტი ადგილობრივების ცხოვრებაზე იქონიებს მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას, ისევე როგორც ეს მოხდა მარტვილის კანიონისა და სხვა ბუნების ძეგლების შემთხვევაში, რომელთა განვითარებაზეც წლების განმავლობაში მუშაობს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

მარტვილის რაიონში სოფელ ბალდაში, ბალდის კანიონის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიის ნაწილი გასული წლის მიწურულს, აუქციონის წესით, 40-წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით კომპანია „კანიონ 350“-ს გადაეცა. საჯარო ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული კომპანია 2022 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა და მისი მმართველი პარტნიორები ანი გიუნაშვილი (40%), მამუკა მერკვილაძე (35%), ქეთევან მოწონელიძე (5%), ლევან ციცქიშვილი (5%) და გიორგი მერკვილაძე (15%) არიან, რომელიც ასევე კომპანიის დირექტორიცაა.

მას შემდეგ, რაც ინვესტორმა კომპანიამ სამუშაოების მოწყობა დაიწყო, ადგილობრივი მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ტერიტორიის გადაღობვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ბალდის კანიონი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ადგილზე მშენებლობა საჭირო არ არის.

„კანიონი 350“ ბალდის კანიონის მოწყობისთვის 3 მლნ-ზე მეტს დახარჯავს - რა მოეწყობა და როდისთვის?

ვითხოვე, გაჩუმდეს ბალდის კანიონის ინვესტორი... დაცული ტერიტორიების სააგენტო უნდა საუბრობდეს და არა მეწარმე - ჩხობაძე

ბალდის კანიონთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა - რა გადაწყვიტეს სამინისტროში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები