მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვითხოვე, გაჩუმდეს ბალდის კანიონის ინვესტორი... დაცული ტერიტორიების სააგენტო უნდა საუბრობდეს და არა მეწარმე - ჩხობაძე

ჩხობაძე

გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ბალდის კანიონის განვითარების პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ბალდის კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში 2013 წელს გადავიდა. მიმდინარე პროექტი სწორედ სააგენტომ შეიმუშავა და 2022 წელს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კომპანიამ „კანიონი 350“ გაიმარჯვა, რომელსაც ხეობის 2500-მეტრიანი მონაკვეთის ნაწილზე - 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე 40-წლიანი იჯარით (20 წლის შემდეგ გადახედვის უფლებით) კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გადაეცა. ფაქტს, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილს კანიონის მიმდებარედ დღემდე აქვთ გაშლილი კარავი. ნოემბრის შემდეგ კი, ბალდაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერებულია.

16 იანვარს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე ნინო ჩხობაძეც, რომელმაც შეხვედრის დეტალებსა და შედეგებზე BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" ისაუბრა.

გარემოს დამცველი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი შედეგი ის არის, რომ უნდა მომზადდეს ბიომრავალფეროვნების დოკუმენტი.

"პირველ რიგში, საკითხი დაისვა, რომ ბიომრავალფეროვნების შეფასება უნდა გაკეთდეს მთლიანად კანიონისთვის და არა მხოლოდ იმ 500 მეტრისთვის, რომელსაც კერძო კომპანია ინფრასტრუქტურულად მოაწყობს. არსებობს მონაცემები, მაგრამ ეს არის უკვე მოძველებული მონაცემები. ახლა კი, შეფასება უკვე ტურიზმთან მიმართებით უნდა გაკეთდეს. თუმცა, არ შეიძლება დაცული ტერიტორია მხოლოდ ტურიზმისთვის გაკეთდეს, ეს მეორეხარისხოვანი ნაწილია. დაცული ტერიტორია იქმნება ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, რაც კლიმატის ცვლილების ფონზე ქრება.

დღეს, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოწვევები ამ მიმართულებით. მათ შორის, ბალდის კანიონზეც, სადაც ალურამ [მცენარეთა დაავადების გამომწვევი მწერი] დააზიანა ბზების კორომები, რომლებიც არის წითელი რელიქტური სახეობები და ექვემდებარება აღდგენას. ძალიან ბევრი სამუშაოა, რაც კომპლექსურ შეფასებას მოითხოვს და გადაწყდა, რომ კომპლექსური შეფასება გაკეთდება. მეორე, რა თქმა უნდა, დაშვებული იყო შეცდომა მოსახლეობასთან კომუნიკაციაში და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ჩვენ, ვერ დავანახეთ მოსახლეობას, რა სარგებელს მიიღებენ ამით. არ არის შესწავლილი გარემოზე ზემოქმედება, არ არის დათვლილი ეკონომიკური სარგებელი. ეს კულტურა, სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს", - განმარტავს ჩხობაძე.

მისივე თქმით, არსებობს წარმატებული მაგალითები, როგორ განვითარდა რეგიონი იქ, დაცული ტერიტორიის შექმნის შემდეგ და ეს მაგალითი სწორი კომუნიკაციით მოსახლეობამდე სახელმწიფომ უნდა მიიტანოს და არა, დაქირავებულმა მეწარმემ.

"ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები, როგორ განვითარდა რეგიონი იქ, დაცული ტერიტორიის შექმნის შემდეგ. ეს ხომ უნდა დავანახოთ ადგილობრივებს და გავუზიაროთ ეს მაგალითები? ეს პრაქტიკაც არ არსებობს. ასევე ითქვა, რომ არ უნდა იყოს მეწარმე უშუალოდ დაკავშირებული მოსახლეობასთან არგუმენტების გაცვლაში. შეხვედრაზეც ვითხოვე, რომ გაჩუმდეს ინვესტორი, იმიტომ რომ დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი უნდა საუბრობდეს და არა დაქირავებული მეწარმე. ეს, სააგენტოს და სახელმწიფოს პრეროგატივაა. იქ არის კიდევ რამდენიმე ნიუანსი, რაც მოსახლეობისთვის პრობლემას იწვევს, უცხოა, ახალია, უცნაურია და ცოტა ქართულად ვაკეთებთ რაღაცებს. ისე, რომ ბუნებრივ გარემოს ვაზიანებთ რაღაც მომენტში. ამ პროექტით, გარემოს დიდი ზიანი არ მიადგება, მაგრამ უფრო გონივრულად, კარგად გაკეთებული პროექტები გვქონია. მაგალითად კოლხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც იყო კომპლექსში, მაგრამ დღეს, ეს ცენტრიც კი აღარ მუშაობს ისე, როგორც ადრე", - განაცხადა ჩხობაძემ "საქმიან დილაში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები